ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ჟურნალისტები აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფის ჩამონათვალში არ არიან
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ჟურნალისტები აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფის ჩამონათვალში არ არიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჟურნალისტები სოციალური დისტანცირების წესს იცავენ და შესაბამისად, ამ დროისთვის ისინი აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფის ჩამონათვალში არ შედიან.

რაც შეეხება ჯარსა და პოლიციას, მინისტრის განცხადებით, თერმოსკრინინგი, ასევე დაკვირვება, მუდმივად მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, მათი სკრინინგი და ტესტირება გაგრძელდება.

ამ კომენტარით ტიკარაძემ უპასუხა კითხვას – „დაწყებულია ექიმების აგრესიული ტესტირება. რამდენად შესაძლებელია, შემდეგი იყოს ჯარი და პოლიცია, როდის შეიძლება დაიწყოს ტესტირება და თუ იგეგმება სამიზნე ჯგუფში ჟურნალისტების შეიყვანა?“

„ჟურნალისტების თემით დავიწყებ. ამ ეტაპზე, ჟურნალისტებთან სოციალური დისტანცირება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ეტაპისთვის ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევებსაც განვიხილავთ.

რაც შეეხება ჯარსა და პოლიციას, ჯარში და პოლიციაშიც ტესტირება – მათი, როგორც თერმოსკრინინგი, ასევე დაკვირვება, მუდმივად მიმდინარეობს. როგორც ექიმებში, ასევე ჯარსა და პოლიციაში, საჭიროების შემთხვევაში, მათი სკრინინგი და ტესტირება გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.