ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში ტესტები ჩაიტანა [ფოტო]
ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში ტესტები ჩაიტანა [ფოტო]

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მარნეულში ჩავიდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა მედიასთან ტესტებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

ტიკარაძის თქმით, ტესტების პირველი პარტია – 1000 ტესტი, მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი.

„როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია ტესტების. ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო ექვსი საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილი არის აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს.

ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად ადგილზე, უკვე დასქრინული არის 35 000 მოქალაქე. ეს არის დაახლოებით 8 000-მდე ოჯახი, მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს დაკვირვება. სამომავლოდაც გაგრძელდება ასეთი მიზნობრივი შერჩევა ჯგუფების და გამოვლენილ ჯგუფებს ჩაუტარდებათ კონკრეტულად ტესტირება.

25-მდე ადამიანს ამ ეტაპისთვის დაუდგინდა გარკვეული ჩივილები და ამ ჩივილების შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ ტესტირება. 1000 ტესტია ამ ეტაპზე ჩამოტანილი. ველოდებით დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000 ტესტს, საერთო ჯამში ჩვენ უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი “ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს პრემიერთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეხვდება.

მინისტრის განმარტებით, შეხვედრის მიზანია, ყველა საჭირო ინფორმაცია ექიმებს პირადად მიაწოდონ.

„დღევანდელი დღის მთავარი გამოწვევა არის ექიმების მზაობა. მიმდინარეობს პრემიერთან შეხვედრა, სადაც მივდივარ. პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან იქნება შეხვედრა გამართული, რათა მოვახდინოთ პაციენტების მართვა როგორც სტაციონარში, ასევე ბინაზე. დეტალური პროტოკოლი ყველა გაწერილია. მეც, როგორც  ჩემი მოადგილეები, ვიქნებით უშუალოდ პერსონალურად ჩართული ყველა იმ ტრენინგის აღსრულებაში და იმ ხარისხის გაკონტროლებაში, რომელიც დღეს დღეობით საჭიროა, როგორც ჩვენი ექიმებისთვის, ასევე, ყველა ობიექტს, რომელიც გამოყოფილი არის დღეს კორონავირუსის და ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად, ჩვენ ადგილზე გავეცნობით, რათა შემდგომშიც აცილებული იქნას ნებისმიერი ხარვეზი და ვიცოდეთ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი.

ექიმები, რა თქმა უნდა, დახმარებისთვის მზადყოფნს გამოთქვამენ. მათი პროფესიიდან გამომდინარე, მზადყოფნა მუდმივად არსებობს, მაგრამ სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებული და გავინაწილოთ ჩვენს ექიმებთან ის პასუხისმგებლობა, რომელი პასუხისმგებლობაც მათ ამ პაციენტების მართვაში ევალებათ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ პირადად მათ, რათა არ იყოს გარკვეული გადაცდომები და ყველა რისკი ერთობლივად უნდა ავიღოთ ჩვენს ექიმებთან ერთად“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.