ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან ერთად ონლაინ კლინიკა მოინახულა
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან ერთად ონლაინ კლინიკა მოინახულა

საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

უწყების პირველმა პირმა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს სამინისტროში უმასპინძლა და ონლაინ კლინიკა დაათვალიერებინა, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი მნიშვნელოვანია, როგორც „კოვიდ- 19“-ის მართვის პროგრამების ეფექტიანი განხორციელების კუთხით, ასევე დაგეგმილი რეფორმების შეფასების მიმართულებითაც.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმის შემუშავების საკითხს.

„დეტალურად ვისაუბრეთ, თუ როგორ მიმდინარეობს პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ახალი ონლაინ კლინიკა, რომელიც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში. ასევე, ვიზიტის ფარგლებში მათ ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ როგორც კლინიკური სასტუმროები, ასევე ჰოსპიტალური სექტორი და გაეცნონ იქ მიმდინარე პროცესებს. ასევე დეტალურად შეისწავლონ პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლი და მუშაობა.

ეს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კომპონენტის გაძლიერებისა და კომუნიკაციის დაგეგმვის კუთხით, როგორც მოსახლეობასთან, ასევე ჩვენს პარტნიორებთან, საიდანაც მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყანას ვაქცინა მოეწოდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლა დადებითად შეაფასა.

„კოვიდ-19-ზე რეაგირება ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ სამი მიზანი გვაქვს. პირველი ის, რომ „კოვიდ-19“-ის საკითხებზე ჯანდაცვის სპეციალისტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ. მეორე მიზანია, რომ შევთანხმდეთ, როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. ქალბატონ მინისტრს მინდა მივულოცო, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში იმყოფებით, საქართველოში უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა მაინც გრძელდება. მესამე მიზანია, რომ გაძლიერდეს ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობა“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

ჰანს კლუგეს განცხადებით, საქართველოში მთელი რიგი ინოვაციები დაინერგა, რომელიც ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში კარგ სამსახურს უწევს. ეს ეხება ონლაინ კლინიკას და კლინიკურ სასტუმროს.

„ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან. ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ, თუკი ფოკუსი არ გადავიდა სხვა მიმართულებებითაც, როგორიც არის კლინიკური სასტუმროები. მინისტრთან ვისაუბრეთ ვაქცინაზე და ნამდვილად გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი – „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა არსებობს. ბოლომდე შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. ამიტომ ამ გარდამავალ, შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და რეგულაციებთან, ამის დაცვა ევროპისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

შეხვედრას ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა ჩერტოიანოვა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე ესწრებოდნენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი დღეს დაიწყო და 22 დეკემბერს დასრულდება.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.