ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2019-2021 წლებში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2019-2021 წლებში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებსა და მთავრობის წევრებს სამინისტროს მიერ 2019-2021 წლებში განხორციელებული მიღწევები გააცნო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2019-2021 წლებში მოხდა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო განახლება.

„სისტემური ცვლილების ფარგლებში, ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების ცენტრალიზებული მართვის მიზნით მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების ვადები, კერძოდ დაფინანსების სამთვიანი ინტერვალი შემცირდა ერთი თვით, რის შედეგადაც დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. განხორციელდა სახელმწიფო პროგრამების ცენტრალიზაცია. სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში გამოვლენილი ხარვეზების ანალიზის საფუძველზე, მოხდა მისი ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. გაიზარდა ონკოლოგიური პაციენტების ქიმიოთერაპია/სხივური თერაპიის კომპონენტში არსებული ლიმიტი 8 000 ლარით. 2019-2021 წლებში, მოხდა მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემის სტანდარტიზება და დანახარჯების ოპტიმიზაცია. დაწესებულებებში არსებული რადიკალურად განსხვავებული ფასებისა და ჯიბიდან გადახდების გამო, დაიწყო სამედიცინო სერვისების ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ტარიფიკაციის ფარგლებში, სახელმწიფომ პაციენტებისთვის კარდიო-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა დაიწყო. პაციენტის ჯიბიდან გადახდა, რომელიც ათეულ ათას ლარზე მეტი იყო, 350 ლარიდან 700 ლარამდე შემცირდა.

გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების შედეგად გაუმჯობესდა დარღვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების სისტემა.

„მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფისა და პაციენტის უფლებების დაცვის მიზნით, გაიზარდა დაწესებულებების მონიტორინგის სიხშირე და ინტენსივობა. შემუშავდა რეგულირების ახალი ინსტრუმენტები. კერძოდ, გაფართოვდა და დაზუსტდა კლინიკების სანებართვო პირობები და ამოქმედდა ინფექციის კონტროლის შეფასების ინსტრუმენტი. გარდა ამისა, საქართველოში პირველად გაიცა GDP სერტიფიკატი. 2019-2021 წლის მთავარ მიღწევებს შორისაა სამედიცინო ჰოლდინგიც, რომელიც 26 სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას მართავს. სამედიცინო ჰოლდინგის მთავარი მიზანი სახელმწიფო კლინიკებში მაღალი დონის ინფრასტრუქტურის, პროფესიონალიზმის და ხარისხიანი მომსახურების სტანდარტების შექმნაა. ასევე, განხორციელდა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია, აღჭურვა და ინფრასტრუქტურის განახლება“, – განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პირველად ჯანდაცვაზეც​.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, უცხოელ ექსპერტებთან ერთად პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით სრულად განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება. გაიზარდა სოფლის ექიმისა და ექთნის ხელფასი და მოხდა მათი გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, დაიწყო ტელემედიცინის სისტემის დანერგვაზე მუშაობა, რისთვისაც სახელმწიფომ ტელემედიცინის 50 ერთეული სისტემა შეისყიდა. ამასთან, 2019-2021 წლებში გაიზარდა სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული მოცვა.

„დაიწყო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სრულდება მუშაობა სისხლის უსაფრთხოებისა და ტრანსპლანტაციის კანონმდებლობაზეც.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კუთხით, გადაუდებელი დახმარების ავტოპარკს 218 ახალი ავტომობილი გადაეცა. გაიხსნა 57 ახალი რაიონული ადმინისტრაციული შენობა. ერთიან მართვაში გადავიდა თბილისის და რეგიონების სასწრაფო დახმარება. გაუმჯობესდა პერსონალის შრომის პირობები და გაიზარდა პერსონალის შრომის ანაზღაურება. ასევე, ყველა ავტომობილზე დამონტაჟდა GPS სისტემა. UNICEF-ის და ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ დახმარებით განხორციელდა რეგიონული ამბულატორიების ინტერნეტიზაცია და კომპიუტერული აღჭურვა“, – განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სოციალურ მომსახურეობაზეც.

„2019-2021 წლებში გაიზარდა სახელმწიფო ფულადი გასაცემლები, ასაკობრივი პენსია, სოციალური პაკეტები და სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება. ასევე, სოციალური დახმარების სისტემის მიზნობრიობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შემცირებაზე. „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართულებით, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 5 მილიონი ლარით გაიზარდა დაფინანსების ოდენობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარების პროცესი.

„ჩვილ ბავშვთა სახლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბენეფიციართა რაოდენობა. ოჯახების გაძლიერების მიზნით სახელმწიფოს მდგრადი მხარდაჭერის შედეგად მოხდა 523 ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში და დაიწყო მუშაობა ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის ამოქმედებისთვის.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა კოჯრის ბავშვთა სახლის, ასევე ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვისა და მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ახალი სერვისის ამოქმედების მიზნით. ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახურის მიმართულებით, დაიწყო სრულუფლებიანი ზედამხედველობა შრომითი ნორმების აღსრულებაზე, როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომითი უფლებების მიმართულებით. გაძლიერდა საერთაშორისო თანამშრომლობა, ასევე გაიზარდა შრომის ინსპექტორთა რაოდენობა. მათ მიენიჭათ საჯარო მოხელის სტატუსი და მოხდა მათი დაკომპლექტება სექტორულ ჯგუფებად. შედეგად გაუმჯობესდა შემოწმებული ობიექტების, გამოვლენილი დარღვევებისა და მათზე რეაგირების სტატისტიკა. სამუშაო ადგილებზე ლეტალობის სტატისტიკა 2019 წელთან შედარებით 64%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ქვეყნისთვის დასაქმების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით 2020 წელს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო შეიქმნა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, სააგენტო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მთავარი გამტარებელია. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. დაიწყო აქტიური მუშაობა ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხებზეც.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების მიზნით თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდა გერმანიის, ისრაელის, საფრანგეთის, ბულგარეთის სახელმწიფოებთან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების მეთოდოლოგია წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მეტად მიზნობრივი გახდა.

ასევე, ოჯახებისთვის საცხოვრებლის შეძენისთვის გამოყოფილი თანხები და მინიმალური საცხოვრებელი ფართები ოჯახის წევრთა რაოდენობის პროპორციულად გაიზარდა.

„სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში დაიხურა 97 მძიმე კატეგორიის ნგრევადი ობიექტები და მოხდა იქ მაცხოვრებელი დევნილების განსახლება ახალაშენებულ კორპუსებში. გარდა ამისა, დასაქმების, თვითდასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა. ჯანდაცვის სამინისტროს ურყევ პრიორიტეტად კვლავ რჩება ჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები.