ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებითი დასაქმების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებითი დასაქმების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის მიზანი საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

„ჯანდაცვის მინისტრმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში უსაფრთხოდ და ლეგალურად იმუშაონ. ეს ის დეტალებია, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, როცა კონკრეტულად განხორციელების პროტოკოლზე და მექანიზმებზე შევთანხმდებით. ამის შემდეგ კი მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.