ეკატერინე ტიკარაძე – ვაქცინაციის ვადებთან დაკავშირებით არავითარი რისკი არ არსებობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინის შენახვის ვადები დაცულია. მისივე თქმით, ამ კუთხით არავითარი რისკი არ არსებობს.
„იცით, რომ დღიურ ჭრილში 3 000-მდე ადამიანის ვაქცინაცია არის სამიზნე. იმ ჯგუფებში, რომლებიც გაფართოვდა, ასევე შედიან მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები და პერსონალი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესს ისინიც შეუერთდებიან.
რაც შეეხება ვაქცინაციის ვადებს, ვადები დაცულია და რეალურად, უნდა აღვნიშნო, რომ არავითარი რისკი ამ მიმართულებით არ გაგვაჩნია. ეს ვაქცინა წლის ბოლომდე არ გვექნება, უფრო ადრე გაიხარჯება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.