ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში დღეს ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი, ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მეორე ტალღის რისკი არ არის
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში დღეს ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი, ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მეორე ტალღის რისკი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის ორი შემთხვევა, სადაც არ ვიცით წყარო, საქართველოში ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ წყაროების დადგენას სჭირდება გარკვეული დრო. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გვაქვს იმის რესურსი, რომ მოხდეს წყაროს დადგენა. ის, რომ საქართველოში ვირუსი არ ფიქსირდება, ამის თქმა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, ვინაიდან გვაქვს 108 აქტიური შემთხვევა. ჯერ კიდევ, თუნდაც საზღვრიდან შემოსული მძღოლების შემთხვევაში, გყავს დაავადებული ადამიანების გარკვეული რიცხვი. აქედან გამომდინარე, ვრჩებით რეჟიმში, როდესაც ვაკვირდებით და გვაქვს მუდმივი მონიტორინგი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, „ამ მონაცემების მიხედვით, რისკი იმისა, რომ საქართველოში მეორე ტალღა განვითარდეს, არ არის“.

„თუმცა, ვირუსის თვისებიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ასევე მსოფლიოში, რა თქმა უნდა, იმის რისკი, რომ შეიძლება საქართველოშიც გვქონდეს ვირუსის რისკის ზრდა, ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ამისთვის ვამზადებთ ჰოსპიტალურ სექტორს. ვაძლიერებთ მას იმისთვის, რომ შეძლონ ვირუსის და პაციენტების შესაბამისი მართვა“,- განაცხადა ტიკარაძემ.