ეკატერინე ტიკარაძე - საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, ველოდებით შემთხვევების კლებას, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება და არჩევნები ჩატარდება ნამდვილად უსაფრთხო გარემოში
ეკატერინე ტიკარაძე - საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, ველოდებით შემთხვევების კლებას, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება და არჩევნები ჩატარდება ნამდვილად უსაფრთხო გარემოში

ვთვლით, რომ გაცილებით უფრო საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომლებიც იმართებოდა, ცესკო-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო დეტალური გავხადოთ ის დაცვის მექანიზმები, რომლებიც უსაფრთხოს გახდის არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად უსაფრთხო იქნება არჩევნების 2 ოქტომბერს ჩატარება და ხომ არ უნდა დაიწყოს მსჯელობა თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ოქტომბერში ეპიდემიოლოგიურად მოსალოდნელია ვირუსის შემთხვევების კლება და მნიშვნელოვანია, ცესკო-მ, მოქალაქეებმა და ყველა პარტიამ გაითვალისწინონ ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული რეკომენდაციები.

„ვთვლით, რომ გაცილებით უფრო მეტი საფრთხის შემცველი არის ქორწილები და ქელეხები, რომლებიც იმართებოდა და როგორც თქვენმა კოლეგამ ახლა თქვა, გარკვეული შეხვედრები, რომლებიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება. რაც შეეხება არჩევნებს, ცესკო-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომლებიც უსაფრთხოს გახდის არჩევნებს. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად კლებას და მნიშვნელოვანია, ცესკო-მ, მოქალაქეებმა და ყველა პარტიამ გაითვალისწინონ ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული ის ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება ნამდვილად უსაფრთხო გარემოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება რეგულაციების დაცვით. ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა ყველა პარტიას, დაიცვან რეგულაციები.

„წინასაარჩევნო კამპანიის ასევე რეგულაციებით ჩატარება არის სრულიად შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, დაიცვან ჩვენი მითითებები, უფრო მეტად გააქტიურდნენ ზოგადად კოვიდის რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებაში, გააქტიურდნენ ასევე მოქალაქეებისთვის მოწოდებაში, რომ აუცილებლად დროულად უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ვაქცინაზე და დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ  ჩავატაროთ გამჭვირვალე და კოვიდუსაფრთხო არჩევნები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.