ეკატერინე ტიკარაძე -  რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა და ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტი გამართულად მუშაობს, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი, წინასწარ ჯავშნებზე საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათში მიუვათ
ეკატერინე ტიკარაძე - რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა და ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტი გამართულად მუშაობს, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი, წინასწარ ჯავშნებზე საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათში მიუვათ

საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც IT სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რათა შესაფერისად დავხვედროდით ვაქცინების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ჰქონოდა. საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც „აიტის“ სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს. მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. ამ მიმართულებით განვახორციელეთ რამდენიმე ცვლილება.

კერძოდ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ასევე, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში. ამ კომპონენტშიც „აიტის“ სამსახურების რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან როგორც იცით, მონაწილეობს რამდენიმე ბაზა, როდესაც პირი რეგისტრირდება. „აიტი“ პროგრამაში იყო დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რა შემთხვევაშიც თითოეულ პროგრამასთან რამდენჯერმე ხვდებოდა მიმართვიანობა და ეს რა თქმა უნდა, გამტარუნარიანობას აფერხებდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა ტიკარაძეს ჰკითხეს, თუ რატომ არის სარეგისტრაციო პორტალზე „ფაიზერის“ ვაქცინის“ 150 000-ზე მეტი დოზა გამოტანილი, რაზეც ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევას შესაბამის სამსახურებთან მოიკითხავს.

„აუცილებლად უნდა ვკითხო შესაბამის სამსახურებს, თუ რა შეცდომაა. ეს რა თქმა უნდა, შეცდომაა, რადგან ჩვენ ჯერ არ გამოგვიტანია არანაირი დოზები, გამოტანილია მხოლოდ 12 000 დოზა რეგიტრაციისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი