ეკატერინე ტიკარაძე - მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ
ეკატერინე ტიკარაძე - მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ

მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება, რათა უხანიდან, რომელიც დაავადების ეპიცენტრია, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის მზად ვიყოთ.

მისი შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა უწყების ჩართულობა კორონავირუსის გავრცელების რისკ-ფაქტორების შესამცირებლად თანმიმდევრული და შედეგობრივია, ვინაიდან ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„საბჭოს შეხვედრა ემყარება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებას და იმ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებიც ერთი კვირაა ტარდება ჩვენი უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან. აქ ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა უწყება. მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენი ქმედებები, რომლებიც ერთი კვირაა, ძალიან თანმიმდევრულად და მწყობრად მიმდინარეობს, შედეგობრივია და ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. დღეს მინდა შევეხო იმ განვითარებულ მოვლენებსა და პრობლემატიკას, რომელიც გზადაგზა შეიძლებოდა წარმოქმნილიყო. ამ დროისათვის, ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, მასმედიის საშუალებით, მოსახლეობას აწვდის დეტალურ ინფორმაციას და არის სრულიად გახსნილი, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან მათი კოორდინაციით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ჩვენ მზად ვიყოთ საკუთარი მოქალაქეების ამ ცხელი წერტილიდან ევაკუაციისთვის. ამ დროისათვის მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებით ჩვენი მოქალაქეები დატოვებენ ჩინეთს. ასევე, მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობა, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოდ კარგად ასრულებს თავის საქმიანობას. ჩვენი სასაზღვრო მუშაკები არიან საოცრად მობილიზებული, ხოლო აეროპორტის თანამშრომლების მხრიდან გაწეული სამუშაო ეფექტურია“, – განაცხადა მინისტრმა.