ეკატერინე ტიკარაძე - კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ
ეკატერინე ტიკარაძე - კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ

კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა საქართველოში ტესტირების კუთხით უფრო აგრესიული ზომების გატარება, რომ სწრაფი ტესტი იმ მოქალაქეებსაც ჩაუტარდეთ, რომლებსაც შესაძლოა, მოგზაურობის და დაინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია არ ჰქონდეთ, მაგრამ თავს ცუდად გრძნობდნენ და ტესტის ჩატარებას ითხოვდნენ.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მაინც იმ ჯაჭვის გახლეჩვა რჩება, რომელიც გადაცემას შეზღუდავს და აღმოფხვრის, რაც ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება იქნება.

„აქედან გამომდინარე, მაინც ვთხოვ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა იზოლაციის წესების კონტროლის კუთხით კიდევ უფრო მკაცრი ზომების გატარება შექმნილ ვითარებაში, როცა ქვეყანა გავრცელების ეტაპზე გადადის და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უკვე მიღებულია ჯარიმების შემოღების გადაწყვეტილება, რათა მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა გაიზარდოს.

„უკვე ერთი კვირაა, რეგულირების სამსახურთან და ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად შსს ჩართულია როგორც საკარანტინო, ისე თვითიზოლაციის ზონების აღწერა-მონიტორინგში. ვთვლი, რომ ეს არის საკმაოდ ეფექტური და საკმაოდ გამკაცრებული ღონისძიება. ჯარიმები ეს არის უკვე შემდგომი ეტაპი, რომელიც შსს-ს მხრიდან მონიტორინგს დაემატა. ვინაიდან გამოიკვეთა არა ერთი ფაქტი იმისა, რომ მოქალაქეებმა არ მიმართეს თვითიზოლაციას და ჩვენ მიერ გაწეულ რეკომენდაციებს არ დაემორჩილნენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ჯარიმები შემოგვეღო, რათა ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა მეტად გაგვეზარდა და ამისთვის სათანადო მნიშვნელობა მიგვეცა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.