ეკატერინე ტიკარაძე - ჰანს კლუგე სვამს დეტალურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ იმართება პროცესი, მიმდინარეობს გაცნობითი სახის ვიზიტები ყველა საჭირო რგოლში
ეკატერინე ტიკარაძე - ჰანს კლუგე სვამს დეტალურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ იმართება პროცესი, მიმდინარეობს გაცნობითი სახის ვიზიტები ყველა საჭირო რგოლში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე კოვიდსასტუმრო „ჰოლიდეი ინს“ ეწვია, სადაც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

კლუგე სასტუმროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციასთან და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოინახულებენ კოვიდკლინიკებსა და სასტუმროებს, გაეცნობიან ქვეყნის მიერ პანდემიის მართვის პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება რეკომენდაციების გაცემა მათი მხრიდან.

„როცა ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მიმდინარეობს ქვეყანაში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამჭვირვალედ გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. სტუმარს აქვს დატვირთული ხუთი დღე, რომლის მანძილზეც ჩაინიშნავს ყველა იმ საჭირო რეკომენდაციას, რომელსაც ვიზიტის ბოლოს აუცილებლად გაგვაცნობს. ის სვამს დეტალურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესის მართვა, დაწყებული პირველი ჩივილის ან საეჭვო შემთხვევის გამოვლენიდან, დასრულებული პაციენტის სრული მოძრაობით და მხოლოდ ამის შემდეგ, შემაჯამებელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა რეკომენდაციებს გასცემს ის. ჯერჯერობით მიმდინარეობს გაცნობითი სახის ვიზიტები ყველა საჭირო რგოლში. ჩვენი პარტნიორი ნახავს, როგორც ბოჭორიშვილის, ასევე ბატონი თენგიზ ცერცვაძის კლინიკასაც.

ნამდვილად არ ყოფილა გეგმაში, რომ ჩვენ მისთვის გვეჩვენებინა საუკეთესო შემთხვევები, ვინაიდან ის დღეს იმყოფებოდა მცხეთაშიც და ნახა პირველადი ჯანდაცვის რგოლი. ნამდვილად არ ვთვლი, რომ ისინი საუკეთესო კლინიკების რანგში შეიძლება იწოდონ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სტანდარტებისთვის ეს არის საუკეთესო კლინიკები. ჯერჯერობით, მათაც ძალიან ბევრი აქვთ გასაკეთებელი და ჩვენი სტუმარი შეაფასებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ტიკარაძემ.