ეკატერინე ტიკარაძე - გვაქვს რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება, შესაბამისად, იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, დეფიციტი არ შეიქმნება
ეკატერინე ტიკარაძე - გვაქვს რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება, შესაბამისად, იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, დეფიციტი არ შეიქმნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, დეფიციტი არ შეიქმნება.

როგორც ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე ექიმების დეფიტი არ არის, რადგან არსებობს რესურსი, რომ სტრატეგიულად დაგეგმონ ექიმების გადანაწილება.

ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ექიმების ინფიცირება სამუშაო ადგილზე არ მომხდარა.

„რაც შეეხება ექიმების დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე, ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ დღეს ისეთი ტრენინგები, რომლებიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებაში. ასევე დეტალურად ვიკვლევთ იმ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმების დეფიციტი დგას, ამ ეტაპზე არ ვადასტურებ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, არ შეიქმნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა იმ რისკ ჯგუფების ტესტირების საკითხზეც, რომელიც განახლებულ ალგორითმში გაეწერა.

ტიკარაძის თქმით, თავდაცვის ძალების ტესტირება უკვე დაწყებულია, ასევე მიზნობრივი ტესტირება საჭიროების მიხედვით ტარდება სამღვდელოებაშიც.

მინისტრი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად იმოქმედებენ ჟურნალისტებთან დაკავშირებითაც.

„თავდაცვის ძალების ტესტირება უკვე დაწყებულია, სამღვდელოებაში ჩვენ ვატარებთ მიზნობრივ ტესტირებას, იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება დგას. ჟურნალისტებთან მიმართებაშიც გარკვეული კლასტერის დაფიქსირების შემთხვევაში, იქნება დეტალურად გამოკვლეული ის ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ კვლევას და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, შეფერხებები არ იქნება. ჩვენი მზაობა ამ საკითხზეც არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება გაამახვილა კლინიკების აღჭურვილობის საკითხზეც.

„ყველა კლინიკის აღჭურვილობა, არის ეს მაღალტექნოლოგიური, თუ პირადი დაცვის საშუალებებით, ჩვენ ვზრუნავთ და სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი უზრუნველყოფა პირადი დაცვის საშუალებებით. ასევე ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვქონდა და გვაქვს შემუშავებული ყველა იმ დაწესებულებასთან მიმართებაში, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს თუნდაც სასუნთქ აპარატებს. ჩვენ მათ ეტაპობრივად სასუნთქი აპარატებით ვამარაგებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.