ეკატერინე ტიკარაძე - ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ და მათ საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ
ეკატერინე ტიკარაძე - ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ და მათ საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ

ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა დაგარწმუნებთ, რომ ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ და მათ საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიოთ.

„ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა დაგარწმუნებთ, რომ ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ და მათ საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რატომ იყო შეფერხებები 112-ზე შემოსულ ზარებთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ „კოვიდის“ პერიოდში, არამედ სხვა დროსაც არაერთხელ ყოფილა ნახსენები.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბინიდან კლინიკებში 226 მოქალაქე გადაიყვანა, საკარანტინო ზონიდან  19, ასევე ბინიდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანაც მათი მოვალეობაა.   კლინიკიდან საკარანტინო სივრცეში 26 პაციენტი გადაიყვანეს. ასევე, ბინიდან საკარანტინო სივრცეში 78 პაციენტი იქნა გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელით, კოვიდსასტუმროებში გადასაყვანად შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის ექიმების ჯგუფი გვყავს მობილიზებული, როდესაც პაციენტს კლინიკის სივრცეში დაყოვნება არ ესაჭიროება, ჩვენ ისინი სასტუმროებში გადაგვყავს. 24 საათის განმავლობაში, 82 პაციენტი გადავიყვანეთ კლინიკიდან საკარანტინო სივრცეში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მივიღეთ 318 ცხელებიანი პაციენტი, მათგან კოვიდკლინიკაში 25 მკურნალობს. აღნიშნული რიცხვები დაახლოებით ათასამდეა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველანაირად ვცდილობთ, პაციენტებს მინიმალური დაყოვნება ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელ პაციენტს ესაჭიროება მეტად მყისიერი რეაგირება, რათა არ გვქონდეს გართულებები. ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენვე მოვახდინოთ იდენტიფიცირება. სხვათა შორის, საკმაოდ გვეხმარება საზოგადოების აქტიურობა სოციალურ ქსელში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი