ეკატერინე ტიკარაძე - სამინისტრო დათმობაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარისხიანი სერვისისთვის იქნება საჭირო
ეკატერინე ტიკარაძე - სამინისტრო დათმობაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარისხიანი სერვისისთვის იქნება საჭირო

ნებისმიერი სახის დათმობა სამინისტროს მხრიდან იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პაციენტისთვის ხარისხიანი სერვისის გასაწევად გახდება საჭირო, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყების მხრიდან კლინიკების წარმომადგენლებისთვის მთავრობის 520-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანა შეთავაზებული არ ყოფილა, რადგან სამინისტროს მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა სამედიცინო დაწესებულებების მიერ სახელმწიფოს თანხები. საუბარია დადგენილებაზე, რომელიც კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

„არ გვაქვს დღეს იმის საფუძველი, რომ განვიხილოთ შემდეგი დათმობები და ნებისმიერი დათმობა სამინისტროს მხრიდან იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭირო იქნება პაციენტისთვის ხარისხიანი სერვისის გასაწევად. ჩვენი მხრიდან რამე ცვლილებები შეთავაზებული არ ყოფილა, ვინაიდან კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გამომდინარე კვლავ რჩება სამინისტროს მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა. უბრალოდ, ჩვენ გამოვყავით ორი კრიტიკული მომენტი, რომელიც ეხება დეფიბრილატორებს და რეანიმაციას. ამ შემთხვევებში შევთავაზეთ, რომ კომისიური წესით მოხდება ფაქტობრივი ხარჯების დათვლა და შესაბამისად, ანაზღაურება. კრიტიკული მედიცინის კუთხით კი, პროფესიული ასოციაციების მხრიდან ჩვენთვის მოხდება შეთავაზება იმ დამატებითი კოდის განთავსებისთვის, რომელსაც ისინი კრიტიკულად მიიჩნევენ. გვაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად რაციონალურად იხარჯებოდა კლინიკების მხრიდან თანხები, რომელსაც სახელმწიფო იხდიდა და ასევე რამდენად სწორი იყო განფასებები, რომლითაც კლინიკები დღემდე სახელმწიფოდან იღებდნენ თანხებს. ვისურვებდი, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, რათა არ იყოს კითხვები კომუნიკაციის პრობლემასთან დაკავშირებით და საზოგადოებამ იცოდეს, რომ სამინისტრო არ არის ჩაკეტილი ორგანო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საბჭოს დღევანდელ სხდომას კლინიკების წარმომადგენლებთან ერთად დეპუტატებიც ესწრებოდნენ. დამოუკიდებელმა დეპუტატმა,  ლევან კობერიძემ ეკატერინე ტიკარაძეს საკითხის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შესთავაზა. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის მისაღებია ყველა ფორმატი, სადაც რეფორმის დროულ განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

„რაც შეეხება ლევან კობერიძის შეთავაზებას, ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას იმაში, რომ ეს გადავიდეს პარლამენტში, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა განხორციელდეს დროულად და თანმიმდევრულად, შესაბამისად ჩემთვის იქნება მისაღები მხოლოდ ის ფორმატი, სადაც რეფორმას არ შეექმნება არანაირი საფრთხე და  დაწესებულ ვადებში განხორციელდება. რეფორმა უნდა  განხორციელდეს ექვსიდან ცხრა თვის ვადაში, რათა შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდეს რეფორმის სტაბილიზება და მოდიფიცირება იმ ხარვეზების, რომელიც რეფორმის მსვლელობისას აუცილებლად წარმოიქმნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს ფორმატში შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება. მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.