ეკატერინე ტიკარაძე - არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ლოკდაუნებით ქვეყნის მართვა, სამწუხაროდ, შემცირებულია პირბადის გამოყენება, ვაფიქსირებთ ისეთ სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოვლად დაუშვებელია
ეკატერინე ტიკარაძე - არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ლოკდაუნებით ქვეყნის მართვა, სამწუხაროდ, შემცირებულია პირბადის გამოყენება, ვაფიქსირებთ ისეთ სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოვლად დაუშვებელია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ლოკდაუნებით ქვეყნის მართვა, ვინაიდან პირველ რიგში მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ეკონომიკური მდგრადობა და მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება.

ტიკარაძის თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში შემცირებულია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი და დღეს საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ გაიცა რეკომენდაციები, ყველა შესაბამისი სტრუქტურის მხრიდან აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს.

„მთავრობის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ტალღიდან ტალღამდე ლოკდაუნი და ლოკდაუნებით ქვეყნის მართვა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავრობისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეკონომიკური მდგრადობა და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, შრომის ინსპექციასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად აქვს შემუშავებული არაერთი ძალიან ეფექტური და სასარგებლო რეკომენდაცია კერძო სექტორისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანამ შეძლოს ვირუსის შეკავება იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს რეკომენდაცია იქნება სწორად აღსრულებული, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაკვირდებით, თუ რამდენად შემცირებულია პირბადის გამოყენება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რაც ნამდვილად მიგვაჩნია, რომ არის ელემენტარული, ამავდროულად, ყველაზე ეფექტური, მისი ეფექტურობა არა მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, არამედ მსოფლიოს მხრიდან არის აღიარებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ პირბადის ისევ ეფექტური გამოყენება, ამასთან მიმართებაში ჩვენ დღეს საბჭოზე კიდევ ერთხელ გავეცით რეკომენდაციები და შესაბამისად, მოვითხოვეთ ყველა იმ სტრუქტურის მხრიდან აღსრულების კომპონენტის გამკაცრება, რათა ქვეყანაში დაიწყოს პირბადის უფრო აქტიური გამოყენება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

#კოვიდ19 გაუარესებული ეპიდვითარება – სტუმრები: ეკატერინე ტიკარაძე, პაატა იმნაძე, ბიძინა კულუმბეგოვი

რაც შეეხება კერძო სექტორს, ტიკარაძის განმარტებით, ამ მიმართულებითაც შრომის ინსპექციას აქვს არაერთი ეფექტური ბერკეტი, ასევე რეკომენდაცია გაცემული კერძო სექტორისთვის.

„ჩვენ დღეს კვლავ გავეცით საბჭოზე მკაცრი აღსრულების დამატებითი რეკომენდაციები. უკვე ერთი კვირაა, დაიწყო მკაცრი აღსრულება შრომითი ინსპექციის მხრიდან, ჩვენ ვაფიქსირებთ არაერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქის და ასევე ბიზნესის მხრიდან ისეთი სოციალური ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც პანდემიის პირობებში არის ყოვლად დაუშვებელი.

დღეს გვქონდა კიდევ ერთი ასეთი ფაქტი, როდესაც იმერეთის რეგიონში გაიმართა 200-კაციანი ქელეხი, რაც ერთი მხრივ არის ჭირის სუფრა, მეორე მხრივ ვირუსის გავრცელების ეპიდკერა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს დამატებით 200 ადამიანის დაინფიცირება გამოიწვიოს, რასაც მივყავართ ისევ და ისევ გარკვეულ ლეტალურ მაჩვენებლებამდე. დავიწყეთ საკმაოდ მკაცრი ღონისძიებების გატარება და დიდი იმედი გვაქვს, ეს ღონისძიებები გამოიღებს შედეგს.

ხდებოდა კერძო პირზე ფართის მიქირავება, რაც თავისთავად იწვევდა კერძო პირის მხრიდან შედარებით დაბალი ოდენობის ჯარიმის გადახდას, აქედან გამომდინარე, ბიზნესი ამით სარგებლობდა და პასუხისმგებლობა გადაჰქონდა კერძო პირზე. გაცილებით დაბალი იყო ჯარიმის ოდენობა. გავამკაცრეთ მიდგომა და რამდენი მონაწილეც გამოიკვეთება გარკვეული ღონისძიების დაგეგმარებასა და ხელშეწყობაში, ყველა მხარე იქნება მკაცრად დაჯარიმებული, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში მოხდება ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველის არხის გადაცემაში „დღის თემა“.