ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „რემდესივირის“ მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში პრეპარატი საქართველოში იქნება 
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „რემდესივირის“ მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში პრეპარატი საქართველოში იქნება 

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „რემდესივირის“ მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში პრეპარატი საქართველოში იქნება.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებული იყო გარკვეული მითითებები, როგორ გვეხელმძღვანელა „რემდესივირის“ პროტოკოლში შეტანასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მსჯელობა. დღეის მდგომარეობით, უკვე გავაფორმებთ ჩვენ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში „რემდესივირი“ იქნება ადგილზე. ასევე, თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობს. გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, როგორი გამოყენება შეიძლება, ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის. შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.