ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ორკვირიანი კარანტინის ღონისძიებების მოხსნა მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული

13:24, 06.08.2020

კარანტინის ორკვირიანი ღონისძიებების მოხსნა დამოკიდებულია ეპიდემიურ ვითარებაზე. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებშიც, საიდანაც მგზავრები მოდიან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, სხდომის დასრულების შემდეგ  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ტიკარაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულონ, რათა სწორედ ამაზეა დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკონომიკირი სტაბილურობა.

„ამ საკითხს ყოველ ორ კვირაში ერთხელ განვიხილავთ არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ამაში მსოფლიოს ყველა მეცნიერია ჩართული. დგინდება გარკვეული ქვეყნების სიათა ჩამონათვალი და ამის მიხედვით განისაზღვრება, რომელ ქვეყანასთან რა ღონისძიების მიღებაა საჭირო.

დღევანდელი ვითარებით, იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ე.წ. მწვანე კორიდორები გვაქვს, მგზავრების გარკვეული ნაწილი სავალდებულო საკარანტინო პირობებში იმყოფება, ნაწილი შერჩევით ტესტირებას გადის და ბიზნესვიზიტორებს საშუალება აქვთ, ყოველ 72 საათში ჩაიტარონ ტესტირება.

რა თქმა უნდა, მესმის ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანება, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ  კოვიდის პანდემია ეს არის გლობალური მოვლენა, რომელსაც კავშირი აქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან და ასევე ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით მივმართავ, როგორც დღემდე მათ მოთმინებით და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი