ეკატერინე მიქაბაძე - მარტში ეკონომიკური ზრდის 6-პროცენტიანი მაჩვენებელი ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია
ეკატერინე მიქაბაძე - მარტში ეკონომიკური ზრდის 6-პროცენტიანი მაჩვენებელი ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია

მარტში ეკონომიკური ზრდის 6-პროცენტიანი მაჩვენებელი კარგი გზავნილია ინვესტორებისთვის, ასევე კარგი სტარტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის წინ, რომელიც პირველ მაისს დაიწყება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა დადებით ფაქტორებზე. მისი თქმით, 2019 წლის მარტში დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება. კერძოდ, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტი 12.3 პროცენტით გაიზარდა და 321.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მარტში ტურიზმიდან შემოსავლებმა  წლიურად 5.3 პროცენტით (12.4 მლნ. აშშ დოლარით) მოიმატა და 244.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, მარტში 7.5 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისი მოცულობა 119.8 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა. ასევე მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების პარალელურად მცირდება საგარეო მოწყვლადობა ქვეყანაში და იზრდება ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ. 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 7.7 პროცენტი შეადგინა.

„საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, 2019 წლისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმებისა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის მარტში,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-მარტის საშუალო ზრდა 4.7 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო.