უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაება ქართველი ეკატერინე გორგოძე. მსოფლიოს 150-ე ჩოგანმა უკვე გაიარა პირველი ბარიერი – ორ სეტში დაამარცხა უნგრელი ანა ბოდნარი, რომელიც კლასიფიკაციის 185-ე ნომერი გახლავთ.
შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და საათი და 50 წუთი გაგრძელდა. ორივე პარტიაში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო.
პირველ სეტში გორგოძემ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, როცა ბრეიკით ჩამორჩა და მისმა მეტოქემ პარტიაზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ქართველმა ორი სეტბოლი მოიგერია და სეტი ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა, სადაც 1:4 ჩამორჩა, მაგრამ მომდევნო შვიდი გათამაშებიდან ექვსი მოიგო და მე-13 გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორეში უკვე გორგოძემ შეასრულა პირველი ბრეიკი, მაგრამ მეტოქემ უკუბრეიკით უპასუხა. ისევ დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც გორგოძე თითქმის სულ წინ იყო და მოიპოვა მეორე წრეში თამაშის უფლება – 7:6(5), 7:6(4).
გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალში ჰოლანდიელ არანჩა რუსს შეხვდება.
კვალიფიკაციაში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა. სამწუხაროდ, მარიამ ბოლქვაძემ (219-ე ჩოგანი) ორ სეტში წააგო უკრაინელ ანგელინა კალინინასთან (135-ე ჩოგანი) – 4:6, 4:6. აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე ორივე სეტის პირველ გეიმში ბრეიკს ასრულებდა, მაგრამ შემდეგ თმობდა უპირატესობას.