ეკატერინე გორგოძე როლან გაროსის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა #1TVSPORT
ქართველ ჩოგბურთელს ეკატერინე გორგოძეს ერთი ნაბიჯი დარჩა როლან გაროსის ძირითად ბადეში მოსახვედრად. მსოფლიოს 222-ე ჩოგანმა ორ სეტში დაამარცხა ბულგარელი ელიცა კოსტოვა – 7:6(5), 6:3. შეხვედრა საათი და 55 წუთი გრძელდებოდა.
პირველ სეტში გორგოძე ორჯერ იგებდა ბრეიკით, 6:5-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ თავიდან ვერ აიცილა ტაი-ბრეიკის თამაში. მე-13 გეიმში ქართველს 4:5-ზე ჰქონდა კრიტიკული მომენტი, მაგრამ ზედიზედ სამი ქულა აიღო და მატჩში დაწინაურდა.
მეორე სეტში ქართველს უფრო იოლად ჰქონდა საქმე – ორმაგი ბრეიკით 5:1 გავიდა წინ. მართალია, მისმა მეტოქემ გაიბრძოლა – ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მეცხრე გეიმში ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ გორგოძემ ყველა საფრთხე მოიგერია და მესამე მატჩბოლზე დაასრულა შეხვედრა.
ეკატერინე გორგოძეს არასოდეს უთამაშია „დიდი სლემის“ ძირითად ბადეში და კვალიფიკაციის ფინალშიც პირველად გავიდა. მისი ბოლო მეტოქე მსოფლიოს 165-ე ჩოგანი, ესპანელი ნურია პარისას-დიასი იქნება.
გორგოძესა და პარისას-დიასს აქამდე ერთხელ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ – 2014 წელს, შარმ ელ შეიხის ტურნირზე ქართველმა 6:2, 6:4 მოიგო.
მეორე ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ვერ შეძლო კვალიფიკაციის ფინალში გასვლა. მან პირველ ნომრად განთესილ რუს ვერა ზვინარევასთან 3:6, 1:6 წააგო.