ეკატერინბურგში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც აივნიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც აივნიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქციის ინფორმაციით, მამაკაცის დაკავება სპეცრაზმელებმა ბინის შტურმის შემდეგ შეძლეს.
როგორც იუწყებიან, სპეცოპერაციის მომენტში მამაკაცი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა და რამდენიმე მათგანს ესროლა კიდეც. შედეგად არავინ დაშავებულა.
ეკატერინბურგში მამაკაცმა აივნიდან ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გახსნა. მომხდარის შედეგად დაჭრილია მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება. ფეხის არეშია დაჭრილი ეროვნული გვარდიის წევრი. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიების ცნობით, დაკავებული მამაკაცი ყოფილი სამართალდამცველია. ის აივნიდან ოფიციალურად გაფორმებული იარაღიდან ისროდა. მათივე ცნობით, მამაკაცი არაადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც ის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გადის. ამასთან, მედია ავრცელებს ცნობას, რომ აივნიდან უმისამართო სროლამდე მამაკაცმა ახლობლებს წერილი გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ სროლას და შემდეგ თვითმკვლელობას აპირებდა.