ეკა სეფაშვილი - საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად და ყოველდღიური შრომით ევროკავშირს უახლოვდება
ეკა სეფაშვილი - საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად და ყოველდღიური შრომით ევროკავშირს უახლოვდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს ისტორიული მიზანია და ამ მიზანს ქვეყანა, ეტაპობრივად, ყოველდღიური საქმიანობით უახლოვდება.

„დასავლეთთან, კერძოდ ევროკავშირთან დაახლოება ჩვენი ხალხის და საქართველოს ისტორიული მიზანია. დღეს მთელი ქვეყანა, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროკავშირის ისტორიულ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება. საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის უცხო არ იყო დასავლური ფასეულობები და ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით დასავლური ცივილიზაციისკენ.

ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება. სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, ასევე ნიშნავს სანდო და სტაბილურ პარტნიორს რეგიონში მთელი ცივილური მსოფლიოსთვის. ევროკავშირთან დაახლოების კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და პერსპექტივები, რასაც ევროკავშირი თავისი 500-მილიონიანი, ყველაზე მაღალ მსყიდველობითი უნარიანობის მქონე მოსახლეობით ქმნის იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც მათთან დაახლოება სურს. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და ეს აისახა კიდეც ჩვენს მიერ შევსებულ კითხვარში. მალე ამ დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის შესახებ. მანამდე კი, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად და ყოველდღიური შრომით ევროკავშირს უახლოვდება“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს ექსპორტი განუხრელად ვითარდება და იზრდება. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულია და ფუნქციონირებს პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს  ცალკეული ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას.

„სახელმწიფომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 94 საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება გააკეთა, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე  გავიდნენ და უცხოელი პარტნიორები მოიძიონ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.