ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტები დანიაში ან თუნდაც სხვა ქვეყნებში, ჩვენს ევროპელ თუ ნებისმიერ უცხოელ პარტნიორს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს
ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტები დანიაში ან თუნდაც სხვა ქვეყნებში, ჩვენს ევროპელ თუ ნებისმიერ უცხოელ პარტნიორს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს

პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტები დანიაში ან თუნდაც სხვა ქვეყნებში, ჩვენს ევროპელ თუ ნებისმიერ უცხოელ პარტნიორს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ახლა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტია, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგეა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ეს ვიზიტი ნაკლებად შედეგის მომტანი იქნება.

„იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, იმპიჩმენტი არ შედგა, თუმცა მმართველი გუნდისგან პრეზიდენტს ნდობა დაკარგული აქვს. იგი ახლა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტია, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგეა. მისი ეს ვიზიტი ნაკლებად შედეგის მომტანი იქნება და რაიმე შედეგი თუ ექნება, ეს იქნება უარყოფითი საქართველოსთვის, როგორც ზოგადად ქვეყნისთვის, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. იქიდან გამომდინარე, რომ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენს პარტნიორებს“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, CBS NEWS-ის გადაცემა „60 წუთში“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ არის კიდევ ერთი აშკარა დასტური, რატომ არ შეიძლება, ზურაბიშვილი წარმოადგენდეს ქვეყნის პოზიციას, რადგან მის მიერ გაჟღერებული ყველა მესიჯი წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ გამოცხადებულ და რეალობაში განხორციელებულ კურსთან.

„პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ჩვენი პრემიერ-მინისტრი რა კურსს ახორციელებს. რეალობაში კი, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი გუნდი ახორციელებს იმ მთავარ რეფორმებს, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში და რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს ევროპული კავშირისკენ დასაახლოებლად. ეს იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს დაახლოება და ჰარმონიზება, თუ ევროპულის მსგავსი ინსტიტუტების დანერგვა და მათი სრულფასოვანი ამოქმედება. სალომე ზურაბიშვილის ეს ორაზროვანი პასუხი სხვა რა არის, თუ არა მავნებლობა ქვეყნის წინააღმდეგ, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და, მე ვიტყოდი, ცილისწამებაც კი ჩვენი პრემიერის მიმართ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.