ეკა სეფაშვილი - ოპოზიციის და ზოგიერთი დასავლელი კოლეგის მანიპულაციური მოსაზრება, თითქოს ფრენების აღდგენა არ ეთანხმება ჩვენს ევროპულ პოლიტიკას, არ არის სწორი, ჩვენი პოლიტიკა ფრთხილი და პრაგმატულია
ეკა სეფაშვილი - ოპოზიციის და ზოგიერთი დასავლელი კოლეგის მანიპულაციური მოსაზრება, თითქოს ფრენების აღდგენა არ ეთანხმება ჩვენს ევროპულ პოლიტიკას, არ არის სწორი, ჩვენი პოლიტიკა ფრთხილი და პრაგმატულია

საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც მისასალმებელია, რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის და ასევე, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრაგმატული თვალსაზრისით, ეს ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

„მანიპულაციური მოსაზრება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი ზოგიერთი დასავლელი კოლეგისაგან და ასევე, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, თითქოს ფრენების აღდგენა არ ეთანხმება ჩვენს ევროპულ პოლიტიკას, არ არის სწორი. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ გვაქვს ფუფუნება, რომ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, ვიყოთ მათი საერთო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ. როდესაც გვექნება ევროკავშირის და ნატო-ს მსგავსი უსაფრთხოების ქოლგა და მის ქვეშ თავს დაცულად ვიგრძნობთ, გაცილებით თამამი და გაბედული გადაწყვეტილებების მიღებას შევძლებთ. ამჟამად ჩვენი ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ვახორციელებთ ფრთხილ, პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისა და მოძმე ხალხებთან ნდობის აღდგენის პროცესში“, – განაცხადა სეფაშვილმა.