ეკა სეფაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებაზე - თანამდებობის პირი რაიმე განცხადების გაკეთებას როცა აპირებს, უნდა მოუსმინოს ორივე მხარეს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს დასკვნა
ეკა სეფაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებაზე - თანამდებობის პირი რაიმე განცხადების გაკეთებას როცა აპირებს, უნდა მოუსმინოს ორივე მხარეს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს დასკვნა

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“.

სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან, ეს არ არის მსგავსი უაპელაციო განცხადებების გაკეთების პირველი შემთხვევა.

„ვნახე ჯინ შაჰინის განცხადება, რომლითაც იგი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, რომ საქართველო ავტოკრატიისკენ მიდის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სხვადასხვა უწყების (პარლამენტის, არასამთავრობოს ორგანიზაციის, თუ სხვა) წევრები უარგუმენტოდ და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ ასეთ უაპელაციო განცხადებებს. ჩვენ გვახსოვს ნედ პრაისის განცხადებები, ასევე, ქართველო მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება.

აქ გამოვყოფდი ორ მომენტს. პირველი არის ის, რომ როდესაც თანამდებობის პირი რაიმე განცხადების გაკეთებას აპირებს, ელემენტარულია და თუნდაც, საკუთარი რეპუტაციის დაცვის მიზნით, უნდა მოუსმინოს ორივე მხარეს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს დასკვნა. მეორე მომენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და გულისხმობს მიკერძოებულობას. კერძოდ, შესაძლოა (არ გამოვრიცხავ), რომ ისმენენ ინფორმაციას, მაგრამ არაფრის გაგება არ უნდათ და ამ ეტაპზე აწყობთ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის საზიანოდ ასეთი მანიპულაციური შეხედულებები გამოაქვეყნონ, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია შეაფერხონ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.