ეკა სეფაშვილი - ჩვენ შევუერთდით ყველა სანქციას, საბაჟო სამსახურებმა 2 000-ზე მეტი სანქცირებული ტვირთი შეაჩერეს, რომლებიც სხვათა შორის, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნიდან იყო
ეკა სეფაშვილი - ჩვენ შევუერთდით ყველა სანქციას, საბაჟო სამსახურებმა 2 000-ზე მეტი სანქცირებული ტვირთი შეაჩერეს, რომლებიც სხვათა შორის, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნიდან იყო

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ საშინელ ომში. ქართველები შევუერთდით ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ეკა სეფაშვილმა მოიყვანა მაგალითები, როგორ იცავს საქართველო საერთაშორისო სანქციებს.

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც საუკუნეების წინ გავაკეთეთ და რომლის გაგრძელებასაც ვცდილობთ. ევროინტეგრაცია, პირველ რიგში, ნიშნავს იმ ღირებულებების ერთობას, რომელიც ასეთი ბუნებრივია და ასეთი ორგანული. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული ღირებულებები და ასე შემდეგ. ნება მომეცით, ვუპასუხო ზოგიერთ განცხადებას საქართველოსთან მიმართებით და საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით რუსული სანქციების მიმართ. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ საშინელ ომში, ქართველები შევუერთდით ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ამ საერთაშორისო სანქციებიდან გამომდინარე, ქართულ რეალობაში ერთ კვირაში გაუჩინარდა ქართული ბაზრიდან ერთ-ერთი სანქცირებული ბანკი, „ვითიბი“. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოახერხა, რომ ამ ბანკს ქართული ბაზარი იმგვარად დაეტოვებინა, რომ მასთან დაკავშირებული რიგითი მოქალაქეების ინტერესი არ დაზარალებულიყო. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ თანასპონსორები ვართ და უკრაინასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო დეკლარაციას შევუერთდით. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსადმი მიმართვისას ერთ-ერთი თანასპონსორები ვართ 38 სახელმწიფოს შორის. შემიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საბაჟო სამსახურების შესახებ, რომელთაც მოახერხეს და 2 000-ზე მეტი სანქცირებული ტვირთი შეაჩერეს, რომლებიც, სხვათა შორის, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნიდან იყო. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მცდელობა, მკაცრად დაიცვას საერთაშორისო სანქციები და საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის არ იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.