ეკა ნონიაშვილი - საოცარი საზოგადოება ვართ, როდესაც სასწრაფოდ დასაფინანსებელი პაციენტი გვყავს, აღფრთოვანებული ვარ, თანხები ისეთი ტემპებით გროვდება
ეკა ნონიაშვილი - საოცარი საზოგადოება ვართ, როდესაც სასწრაფოდ დასაფინანსებელი პაციენტი გვყავს, აღფრთოვანებული ვარ, თანხები ისეთი ტემპებით გროვდება

ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც აცნობიერებს, რომ მისი ერთი ლარით გადარჩა ბექა, ნიკა, ლიკა და ა.შ, – ამის შესახებ „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის“ წარმომადგენელმა, ეკა ნონიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ფონდები სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების კეთილ ნებაზე ვარსებობთ და ქართული საზოგადოება ძალიან კარგი საზოგადოებაა. როდესაც სასწრაფოდ დასაფინანსებელი პაციენტი გვყავს, აღფრთოვანებული ვარ, თანხები ისეთი ტემპებით გროვდება ხოლმე. ხშირად, მშობელს არ სჯერა, მაგრამ ბანკიდან ამონაწერი რომ მოგვაქვს, ერთლარიანი ჩარიცხვების ალბომივით ამონაწერი გვაქვს ხოლმე. ორმოცდაათი თეთრიც კი ჩაურიცხავთ ადამიანებს. ჩვენ საოცარი საზოგადოება ვართ და ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც აცნობიერებს, რომ მისი ერთი ლარით გადარჩა ბექა, ნიკა, ლიკა და ა.შ.“, – განაცხადა ნონიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ამჯობინებს პაციენტთა უმრავლესობა საზღვარგარეთ მკურნალობას და არის თუ არა საქართველოში კლინიკების და მედპერსონალის მიმართ სანდოობის პრობლემა, ეკა ნონიაშვილმა განაცხადა, რომ პრობლემა არ არის არც ექიმებში და არც ინფრასტრუქტურაში.

„როცა პაციენტების ოჯახის წევრები მოგვმართავენ, არ იციან, სად წავიდნენ. როგორც წესი, პირველად, ყველა ამბობს ხოლმე, იქნებ, უცხოეთში გაგვიშვათო. ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. მეჩვენება, რომ აქ პრობლემა არ არის არც ექიმებში და არც ინფრასტრუქტურაში. მახსოვს, პატარა ბექა ფიფიას დედასთან რომ ვისაუბრეთ, როცა ისინი ისრაელიდან გამარჯვებული დაბრუნდნენ. მან თქვა, იქ მშობლის ფსიქოლოგიურ განწყობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ჩვენთან მოდიოდნენ, თმას გვივარცხნიდნენ და მაკიაჟს გვიკეთებდნენო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მშობლის მომზადება და განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, საქართველოში, იქ, სადაც ჩვენი ბავშვები მკურნალობენ, მშობლები ისე დაზაფრული არიან, რომ პირველ რიგში, მათი გონზე მოყვანა გვიწევს. ვუხსნით, რომ კიბო ჩვეულებრივი დაავადებაა, გრიპივით და ამას კარგი მკურნალობა სჭირდება. ჩვენი ექიმები პროფესიონალები არიან, მაგრამ ვფიქრობ, მათ ამ ტიპის დატრენინგება სჭირდებათ“, – განაცხადა ეკა ნონიაშვილმა.