ეკა ლალიაშვილი - საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგრადი პროგრესი თუ გვინდა, მიზანმიმართული მოქმედებები გვჭირდება
ეკა ლალიაშვილი - საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგრადი პროგრესი თუ გვინდა, მიზანმიმართული მოქმედებები გვჭირდება

საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგრადი პროგრესი თუ გვინდა, მიზანმიმართული მოქმედებები გვჭირდება, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ავარიების რიცხვი 2015 წლიდან მოყოლებული შემცირდა. მაგალითად, 2016 წელს 602 დაღუპული გვყავდა, შარშან კი 481 პირი დაიღუპა. პროგრესი როგორ არ არის, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, პროგრესი მდგრადი იყოს, გვჭირდება მიზანმიმართული მოქმედებები. გვჭირდება უწყება, რომელიც ამ საკითხების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, იყოს პოლიტიკური ნება“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, საგზაო უსაფრთხოება ზიარი პასუხისმგებლობაა.

„ეს არის საზოგადოებას და სახელმწიფოს შორის განაწილებული პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

ეკა ლალიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯარიმები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მხოლოდ ჯარიმების გაზრდა შედეგს არ იძლევა.

„მაღალი ჯარიმების არსებობა ბევრ მძღოლს აიძულებს, მოძრაობის წესები არ დაარღვიონ, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი აგრესიული მძღოლებიც არსებობენ, ვისთვისაც ფინანსური სახდელი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. 2016 წელს სწორედ ამიტომ დაიწყო ქულათა სისტემის შემოღებაზე საუბარი და ეს შსს-მ დაიწყო. იმიტომ, რომ სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით, 200 000 მძღოლი იყო ასეთი, რომლებსაც წლის განმავლობაში სხვადასხვა დარღვევებისთვის ათასობით ლარი ჰქონდათ გადახდილი და მათთვის ეს არავითარი პრობლემა არ იყო“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, სადამსჯელო ღონისძიებებს გარკვეული ზღვარი გააჩნია და იმის იქით, სანქციების გაზრდა უკვე უსამართლოა.

„შსს-მ გაატარა ინტერვენციები და ის, რასაც მივაღწიეთ, ერთ-ერთი პიკის მაჩვენებელია, რომ ვთქვათ, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა და ყოველწლიურად უნდა შემცირდეს, მაგრამ ადმინისტრაციულ სანქციებთან ერთად სხვა ფაქტორებიც უნდა გაუმჯობესდეს – ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ავტომობილი, ქცევა და ა.შ. ეს სინქრონულად უნდა გაკეთდეს, უბრალოდ, სწორად“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.