ეკა ხერხეულიძე - ვანო მერაბიშვილის განცხადებები იყო ტყუილი და სრულიად აცდენილი დროსა და სივრცეს
ეკა ხერხეულიძე - ვანო მერაბიშვილის განცხადებები იყო ტყუილი და სრულიად აცდენილი დროსა და სივრცეს

ვანო მერაბიშვილის განცხადებები იყო ტყუილი და სრულიად აცდენილი დროსა და სივრცეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ადამიანმა ომში მყოფ ქვეყანაში პარტიის შიდა ამბებზე ისაუბრო.

„როდესაც მოვისმინე ომში მყოფ ქვეყანაში მიცემული ინტერვიუ, სადაც პარტიის შიდა ამბებზე საუბრობდა, მე ამან საერთოდ დამაბნია. ვერ წარმომიდგენია, ნებისმიერ ქვეყანაში, მით უმეტეს, ომში მყოფ ყველაზე ახლო ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან დავჯდე და ვისაუბრო „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემებზე. ამიტომ იყო დროსა და სივრცეში სრულიად დაკარგული. იმდენი ტყუილი თქვა, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ის თავს დაგვესხა ადამიანებს, რომლებიც მის გემოვნებაში ახლა პოლიტიკური თვალსაზრისით არ ვართ. ადამიანები, რომლებიც მოიხსენია წინა მენეჯმენტის წარმომადგენლებად. პერსონიფიცირებას აქ მნიშვნელობა არ აქვს და არცერთ შემთხვევაში არ მინდა, გავექცე პასუხისმგებლობას, რომ ვთქვა, იქნებ მე არ მომიაზრა. ასე არ არის. პასუხისმგებლობა ყველასია.

პირველი ტყუილი, აქცია, რომელიც ქუჩაში იყო, ეს არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამ პარტიის წევრი და უმრავლესობა ჩვენი ოჯახებით ვიდექით იქ, ეს არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით ჩატარებული აქცია. ამასთან, როდესაც აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მენეჯმენტს არ ჰქონდა სათანადო რეაგირება უკრაინის საკითხზე, ყველაზე მგრძნობიარეები ვიყავით ამ საკითხის მიმართ. საზოგადოებას უნდა შევახსენო, რომ ჩვენი რეაგირება იყო რეზოლუციის მოთხოვნა საქართველოს პარლამენტში, განცხადებები, რომლებიც პირველივე დღეებში გაკეთდა, აქციების ორგანიზება და ფიზიკური თანადგომა. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, როდესაც გიორგი მარგველაშვილი, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მე ჩავედით ჯერ კიდევ დანაღმულ ბუჩაში.

გვქონდა შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ფრაქციის თავმჯდომარესთან, კომიტეტებთან, მინისტრთა კაბინეტთან. ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილს არ აქვს საკმარისი ურთიერთობები მინისტრთა კაბინეტთან.

კაცმა თქვა, რომ საკმარისად პატრიოტები არ იყვნენო, დიდი ბოდიში, ვანო მერაბიშვილი კი არა, არ არსებობს ადამიანი, ვისგანაც ამაზე შენიშვნას მივიღებ. ეს იყო სრულიად ამოვარდნილი კონტექსტიდან, მოცემულობიდან და მხოლოდ ზიანი მოუტანა ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.