ეკა ხერხეულიძე - საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს, ახლა ბოიკოტის დრო არ არის
ეკა ხერხეულიძე - საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს, ახლა ბოიკოტის დრო არ არის

ახლა ყველა ქუჩაში უნდა იყოს მშვიდობიანი ფრონტი, რომელიც ​შეაჯანჯღარებს ამ ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის დასავლური ცივილიზაციის ხმა, რომელიც მომწყვდეულია კედელთან და თავს ურტყამს ბნელ კედელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ბოიკოტის დრო არ არის.

„ჩემი აზრით, საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ვტოვებდეთ პარლამენტს. შესვლის დროსაც ეს პოზიცია მქონდა, არსებობს ეს ოქმი. სხვა ადამიანები ალბათ არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დეპუტატებიდან მე და აკო მინაშვილი ვიყავით წინააღმდეგი პარლამენტში შესვლის, არის ეს ოქმი. ახლაც იმავე აზრზე ვარ და ვფიქრობ, რომ შეწყვეტის, ბოიკოტის დრო არ არის ახლა. ეს არის ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, როდესაც ბიოკოტს ​აცხადებ. დღეს ადამიანზე გვითხრეს, რომ ნებადართულია სიკვდილით დასჯა. ეს ადამიანი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, მეტი ამ ქვეყანაში არაფერი მოხდება. უნდა არსებობდეს რადიკალური ნაბიჯები და ეს ნაბიჯები უნდა ეტყობოდეს ქუჩაში აქტივობას. ბუნებრივია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ შეწყდება აქციები. როდესაც ორჭოფული იქნება გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, იქნება პერმანენტული ხასიათის და არა ისეთი ეფექტური, რომელიც მალე მიიყვანს დასკვნით დასასრულამდე. ამიტომ ჩემი სურვილი ეს იქნებოდა და ჩემს ყველა მეგობარს, და არამარტო მეგობარს, კოლეგას მოვუწოდებ“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, ეს მოწოდება ეხება პარლამენტის დეპუტატებს, ხოლო საკრებულოების წევრებს თავად შეუძლიათ, ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილებები.

„ძალიან ბრუტალურია, საკრებულოებს რომ შეეხოს ეს, რადგან რეგიონებში სხვა ვითარებაა. არ მინდა, მათ შევეხო, მათ ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტს აქვს სხვა პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტვირთი“, – აღნიშნა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებსა და ნიკა მელიას შორის არსებობდა თანხვედრა პარლამენტში შესვლაზე, თავად კი ამის წინააღმდეგი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა დასავლელი პარტნიორი მოგვიწოდებდა, პარლამენტში შესულიყო ოპოზიცია და ემუშავა ხელისუფლებასთან, ამაში იყო სწორედ ნიკა მელიას თანხვედრა ევროპელ კოლეგებთან, რასაც მე და აკო მინაშვილი ვეწინააღმდეგებოდით. ასევე, შემიძლია, გითხრათ – გია ბარამიძეც, ნუგზარ წიკლაური, მაიკო ჯავახიშვილი, ხათუნა ოჩიაური, მაგრამ მე გეუბნებით მანდატის მქონე დეპუტატებს, რომლებიც წინააღმდეგნი ვიყავით. მე მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა. არ ვიცი, არავისზე ჭკვიანი ვარ-თქო, არ გეუბნებით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დღე დადგებოდა და არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ცხოვრება არის დემოკრატიული მუშაობისა და დემოკრატიული თანაცხოვრების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, მაგრამ პარტნიორობა მართლა ორმხრივია. არ შეიძლება, ცალმხრივი დამოკიდებულება არსებობდეს. წარმოუდგენელი იყო იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ჰქონდა მიტაცებული რეჟიმს, იქ თანაცხოვრება ყოფილიყო ორივეს მხრიდან თანაბარი, ასეთი რამ არ მოხდებოდა. ახლა, რა თქმა უნდა, გაამწვავა ვითარება, დაგვერქვა სახელები, რომ შევვარდით პარლამენტში, იმ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგი ვიყავით. ახლა ვხედავთ სურათს, რომ თურმე ჩვენ არ ვართ გამოსვლის მომხრეები. არ არის, ბატონებო, ასე, სინდისი ხომ არსებობს. ყველაფერს თავისი ოქმი აქვს, ყველაფერს თავის პოზიცია აქვს და თუ შეიძლება, ამას გადახედონ ადამიანებმა და იმსჯელონ ამის მიხედვით. ახლა ბოიკოტის დრო არ არის, ამის თქმა მინდა. ახლა ყველა ქუჩაში უნდა იყოს ფრონტი, მშვიდობიანი ფრონტი, რომელიც ​შეაჯანჯღარებს ამ ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის დასავლური ცივილიზაციის ხმა, რომელიც მომწყვდეულია კედელთან და თავს ურტყამს ბნელ კედელს. მხოლოდ და მხოლოდ ამან შეიძლება გამოაფხიზლოს, შეაჯანჯღაროს ქართველი ხალხის მრავალრიცხოვნებამ ქუჩაში და არცერთ შემთხვევაში სხვა რამემ“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.