ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა და თქვა, რომ ევროკავშირი არის გზა, რომელსაც საქართველო არასდროს გადაუხვევს
ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა და თქვა, რომ ევროკავშირი არის გზა, რომელსაც საქართველო არასდროს გადაუხვევს

მიხეილ სააკაშვილი დღეს პალატაში სიკვდილს ებრძვის, ის იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა, რომელმაც ასწავლა საქართველოს ევროპული ღირებულებები და თქვა, რომ ევროკავშირი არის გზა, რომელსაც საქართველო არასდროს გადაუხვევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

„მძიმე და რთული გზა გავლილი საქართველო დადგა იმ არჩევანის წინაშე, როდესაც ამ ტრიბუნასთან, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, გამოცხადდა სურვილი დსთ-ში გაწევრიანების. ეს იყო ის სამარცხვინო დღე, როდესაც მე სტუდენტებთან ერთად გახლდით გარეთ, როდესაც დაარბიეს ეს მიტინგი, რომელსაც მანამდე ხვრეტდნენ და სხვათა შორის, ის ადამიანი, რომელმაც ეს წარმატებით შეასრულა და ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ძალიან ადრე გაისტუმრა საიქიოს, ის ადამიანი გახლდათ ედუარდ შევარდნაძე. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ევროპულ გზაზე გვევლო და არ გვქონოდა ჩვენს ქვეყანას შეფერხება, მიხეილ სააკაშვილმა მისცა შესაძლებლობა, ის მშვიდ გარემოში დაბერებულიყო და საქართველოს მომავალი არ მოეკლა შურისძიებასთან ერთად“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ევროკავშირზე საუბარი საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

„ვინ არის სააკაშვილი, ის ხომ არა, ვინც საერთოდ ევროკავშირზე დაიწყო საუბარი საქართველოში და ყველა კარს ანგრევდა, სადაც შესაძლებელი იყო, მისი სტატუსით მისულიყო და ეთქვა, რომ ჩემი ქვეყანა იმსახურებს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანებას და მიმიღეთ როგორც სრულფასოვანი წევრი, მაღიარეთ როგორც სრულფასოვანი წევრი მთელი სამყაროსი და მე არ დავყაბულდები იმ სტატუსს, რომ წარმოვადგენ პატარა ქვეყანას. ეს შეძლო იმ დიდმა კაცმა, რომელიც დღეს პალატაში სიკვდილს ებრძვის. ესეც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელმაც ამ ტრიბუნიდან თავად გააუქმა სიკვდილით დასჯა და ძალიან დიდი წინააღმდეგობები შეხვდა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც დღესაც აქტუალური ბრძანდებიან ქართულ პოლიტელიტაში. ამ ადამიანს ვსჯით სიკვდილით, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა, რომელმაც ასწავლა მთელ საქართველოს ევროპული ღირებულებები და თქვა, რომ ევროკავშირი გახლავთ ის გზა, რომელსაც საქართველო არასდროს გადაუხვევს.

თუ 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ვთქვით, რომ საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას და ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით, 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩვენ ვთქვით, რომ ვართ ღირსი, ვიყოთ ნატო-ს ოჯახის წევრი. დღეს არც ეს რეფერენდუმია ჩასატარებელი, არც ეს დებატები, რომელიც გაუგებრობის გამო მოეწყო, მაგრამ რაკი საჭიროა ამაზე საუბარი, მინდა გითხრათ, რომ არც პლებისციტია საჭირო, არც რეფერენდუმი. ჩვენი მკვეთრი პოზიცია უკრაინის მიმართ განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

დატოვე კომენტარი