ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე შესვლის შესაძლებლობა ყველა მედიასაშუალების თითო წარმომადგენელს უნდა მიეცეს
ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე შესვლის შესაძლებლობა ყველა მედიასაშუალების თითო წარმომადგენელს უნდა მიეცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის.

ამასთან, ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესს თითოეული მედიიდან ერთი  წარმომადგენელი მაინც დაესწროს.

„მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის. სააკაშვილს ძალიან უხარია პროცესზე ახლობლებისა და მეგობრების დასწრება, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველა მედიასაშუალებიდან თითო წარმომადგენელს უნდა მიეცეს სხდომათა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა. გასაგებია, რომ ყველა კამერა ვერ შევა. აქ საუბარია მედიის თითო წარმომადგენლებზე, მიუხედავად იმისა, პოზიტიურად აშუქებს მოვლენებს, თუ ნეგატიურად“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეკა ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილს შეშუპებები აქვს განახლებული.

„ღვიძლის ფუნქცია აქვს არეული, აქვს წნევა, მაგრამ გამოიყურება ნორმალურად, არის მხნედ, რომ ხვალინდელ პროცესზე შეძლოს წარდგომა. ხვალ მხარდამჭერთა აქცია იგეგმება“, – განაცხადა ხერხეულიძემ.