ეკა გიგაური - პროკურატურას ვუთხარით ის, რაც განცხადებაში გვიწერია, დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია
პროკურატურას ვუთხარით ის, რაც განცხადებაში გვიწერია, დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. გიგაური სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
„ჩვენ მივაწოდეთ ზუსტად ის ინფორმაცია, რაც გვიწერია ჩვენს განცხადებაში, ადრეც განვაცხადეთ, რომ დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ მოგვაწოდა წყარომ და შესაბამისად, ეს ყველაფერი ავსახეთ ჩვენს განცხადებაში. რა თქმა უნდა, გვკითხეს, გვაქვს თუ არა სურვილი, დავასახელოთ წყარო, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ კანონის შესაბამისად, ჩვენ ეს არ გვევალება და შესაბამისად, წყაროც არ დაგვისახელებია.
ასევე, მათ აინტერესებდათ, რა გარემოებებში მივიღეთ ეს ინფორმაცია და გადავამოწმეთ თუ არა ამ ინფორმაციის ნაწილი მაინც. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ნაწილი გადავამოწმეთ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ განცხადების გაკეთება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
მისივე თქმით, პროკურატურამ მისი დაცვით უზრუნველყოფით, წყაროს დასახელება შესთავაზა, თუმცა წყარო არ არის თანახმა, რომ გამჟღავნდეს.
„შესაბამისად, ჩვენ ის არ გავამჟღავნეთ. მე ვერაფერს ვერ გეტყვით ჩვენს წყაროზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა გიგაურმა.
გიგაურის თქმით, მათ დაასახელეს კონკრეტული ადამიანები, ადგილი, სადაც ჩატარდა თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს, ასევე ადგილები, სადაც იგეგმებოდა პირადობის მოწმობების დაბეჭდვა.
„დაიკითხონ ის ადამიანები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასევე, დადგინდეს ამ თათბირს ჰქონდა თუ არა ადგილი, ვინ ესწრებოდა კიდევ დამატებით ამ თათბირს და რა საკითხები იყო განხილული. ასევე, რა მიზნით იქნენ მივლინებული კონკრეტული ადამიანები თბილისში და ასე შემდეგ.
საგამოძიებო უწყება თვლის, რომ ისინი არიან კომპეტენტურები და ნამდვილად მგონია, რომ მათ შესაბამისი კომპეტენცია გააჩნიათ, აქედან გამომდინარე, საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ, დანარჩენი გამოძიება მათ უნდა ჩაატარონ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.