ეკა გიგაური - ერთად უნდა დავდგეთ, რომ ესენი დავამარცხოთ
ეკა გიგაური - ერთად უნდა დავდგეთ, რომ ესენი დავამარცხოთ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან დღეს დილით, „ქართული ოცნების“ ოფისში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ხალხის აზრი არ აინტერესებს.

გიგაურის თქმით, საზოგადოება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, ხელისუფლება კი აანონსებს, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები არც 2024 წელს ჩატარდება.

„ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით. ნამდვილად ჩანს, რომ ჩვენ, ქართველმა ერმა და საზოგადოებამ ზუსტად ვიცით, რა არის უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. დილით ვუსმენდი „ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენციას. გვითხრეს, რომ ჩვენი აზრი არ აინტერესებთ, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი მოსაზრება. არ აინტერესებთ ის, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ისიც კი დაანონსეს, რომ 2024 წელს არ გვექნება პროპორციული სისტემით არჩევნები. ფაქტობრივად, წინასწარ გვეუბნებიან, რომ უნდა შევეჩვიოთ ამას, უნდა მოვიქცეთ, როგორც მონები, დავექვემდებაროთ და გავიზიაროთ, რასაც ამბობს ივანიშვილი, მაგრამ ამას ვერასდროს მოესწრებიან, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ახლა ეშინიათ, რომ დაკარგონ თბილი ადგილები, ეშინიათ, რომ დაკარგონ შესაძლებლობა, ბიუჯეტიდან მოიპარონ ფული, ეშინიათ, რომ საქართველოს ჰქონდეს უკეთესი მომავლი, ეშინიათ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, ჩვენმა ბავშვებმა უკეთეს სკოლებში ისწავლონ. ეშინიათ, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო და უნდათ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი იყოს სასამართლოში. ეშინიათ, რომ ჩვენთან იყოს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაერთიანდნენ.

„ზუსტად, ჩვენ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რომ ესენი დავამარცხოთ, რადგან ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც არაფრის ეშინია. ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, რადგან წინ ჩვენი ქვეყენის მომავალია და ვზრუნავთ, რათა უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ. მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ბრძოლით იქნება შესაძლებელი, რომ ამას მივაღწიოთ. ამიტომ, ყველას დიდი მადლობა, რომ მობრძანდით, დიდი მადლობა იმათაც, ვინც აქ არ არიან, რომლებიც გვგულშემატკივრობენ, მაგრამ ისინი მაინც შემოგვიერთდებიან. დღეს მთავარი არის, რომ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ გავაკეთოთ ყველაფერი ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მე მგონი, ჩვენი შეკრებით ვანახებთ ხელისუფლებას, რა დევს სასწორზე. დიდი მადლობა, ყველას უკეთეს საქართველოს გისურვებთ“ ,- განაცხადა გიგაურმა.