ეკა გიგაური - დანიელსონთან შეხვედრისას ჩემი პოზიცია იყო, რომ დაპირისპირების განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია რურუასა და მელიას გათავისუფლება
ეკა გიგაური - დანიელსონთან შეხვედრისას ჩემი პოზიცია იყო, რომ დაპირისპირების განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია რურუასა და მელიას გათავისუფლება

ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ სიტუაციაში დაპირისპირების განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დემოკრატიული რეფორმები ჩატარდეს, მათ შორის სასამართლოსა და პროკურატურაში.

„ჩვენ, ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ განცხადება გავავრცელეთ. ჩვენ კონკრეტულ რეფორმებზე და იმ ნაბიჯებზე ვსაუბრობდით, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას, რათა კრიზისი განიმუხტოს და ქვეყანა წინ წავიდეს. ამიტომ, ძირითადად ამაზე ვსაუბრობდი. ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ სიტუაციაში დაპირისპირების განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ. მაგრამ ეს ჩვენ არ დაგვაზღვევს სამომავლოდ იმისგან, რომ არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები და ჩვენმა სახელმწიფო სისტემამ სწორად იმუშაოს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავატაროთ კონკრეტული დემოკრატიული რეფორმები. მათ შორის სასამართლოსა და პროკურატურაში. ასევე, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რათა მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ოპოზიციაში, ოპოზიციას პარლამენტში გარკვეული როლი და ფუნქცია ჰქონდეს. მათ ასევე როლი ჰქონდეთ, მაშინ, როდესაც არჩეულები იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ასევე აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება, თუ გენერალური პროკურორი.

ვსაუბრობდით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ კორუფციის გაზრდილი რაოდენობის კუთხით და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ჩვენი სისტემა დაიზღვეს, რათა  ასეთი შემთხვევები არ გვქონდეს. აქ საუბარია, რომ ერთი მხრივ, კრიზისი განვმუხტოთ, მაგრამ ამის შემდეგ როგორ მიგვყავს ქვეყანა წინ. წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კითხვაზე: „ შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი ტელეკომპანია „პირველზეც“, გიგაურმა განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად რეფორმებს ეხებოდა

„კითხვები ძირითადად რეფორმებს ეხებოდა და საუბარი რეფორმებზე იყო. ამიტომ, ამას ჩვენი საუბარი არ შეეხებოდა. ძირითადად შეხვედრა ეხებოდა ჩვენი პოზიციების გაზიარებას. მათ თავიანთი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თავისთავად ის, რომ სპეციალური წარმომადგენელი გვყავს დღეს საქართველოში ევროკავშირის მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის ელჩები არიან ჩართულები, რა თქმა უნდა, მიუთითებს, რომ ისინიც ფიქრობენ, კრიზისი გვაქვს. მეგობრების დამოკიდებულებაც არის, რომ დაგვეხმარონ, პირველ რიგში, ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.