ეკა დგებუაძე - კორონავირუსის გამო, 16 მარტის შემდეგ სასწავლო პროცესის გადადება ამ ეტაპზე არ განიხილება
ეკა დგებუაძე - კორონავირუსის გამო, 16 მარტის შემდეგ სასწავლო პროცესის გადადება ამ ეტაპზე არ განიხილება

კორონავირუსის გამო, 16 მარტის შემდეგ სასწავლო პროცესის გადადება ამ ეტაპზე არ განიხილება, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძემ განაცხადა.

„ჯერ არ არის განხილვის რეჟიმში ეს საკითხი. არ განვიხილავთ 16 მარტის შემდეგ გადაიდოს სასწავლო პროცესი. ამას სიტუაცია გვიჩვენებს. ყოველდღიურად ჩართული ვართ და ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება ქვეყანაში დადგება, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს არც ერთი ჩვენი მოქალაქე. იმ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელსაც მოგვცემენ.

რეკომენდაციების ფარგლებში 16 მარტამდე გახანგრძლივდა არდადეგები საჯარო სკოლებში, მათ შორის კერძო სკოლებში. მთავრობის დადგენილების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებშიც ასევე შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. 16 მარტამდე არც ერთ დაწესებულებაში არ განახლდება სასწავლო პროცესი. ასევე გვაქვს გრძელვადიანი გეგმა და ვიწყებთ სკოლების დახმარებას, რომ მუდმივ რეჟიმში მოახდინონ სანიტარია ჰიგიენის ნაწილში. მოაწესრიგონ სასწავლო სივრცე და არა მარტო სასწავლო სივრცე, ასევე საპირფარეშოები“,- განაცხადა დგებუაძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.