ეკა ბესელია - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მინიჭება სარეკლამო ბაზარზე გავლენას ვერ იქონიებს
ეკა ბესელია - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მინიჭება სარეკლამო ბაზარზე გავლენას ვერ იქონიებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მინიჭება სარეკლამო ბაზარზე გავლენას ვერ იქონიებს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბესელიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა და ყურადღება კომერციული რეკლამის დაშვებაზე, სტარტაპების საკითხსა და სოციალურ რეკლამაზე გაამახვილა.

დეპუტატის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შეზღუდვები 2011 წლის აპრილში ამოქმედდა, როცა მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსება აეკრძალა, რასაც რეაქცია მოჰყვა, რადგან ეს ნაწილობრივ სპორტულ ტრანსლაციაზეც გავრცელდა და მაშინ, მაუწყებლის პოზიცია გათვალისწინებული არ იყო.

„როცა საუბარია იმაზე, რომ სარეკლამო სივრცეში საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსვლა ბაზრის რყევას გამოიწვევს, რაღაცებს მიანგრევს და მოანგრევს, შეგვიძლია რეალობას მივუახლოვდეთ. საკითხზე დისკუსია იყო და ყველაზე მაქსიმალური გათვლებით, საპროგნოზო მისაღები შემოსავალი შეიძლება ორ მლნ ლარს შეადგენდეს, რაც საერთო სარეკლამო ბაზრის ჭრილში, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული, 90 მილიონ ლარს აღემატება. შესაბამისად, ეს რეგულაცია ვერანაირ გავლენას მოახდენს – არათუ ბაზარს ვერ მიანგრევს, არამედ რყევასაც ვერ გამოიწვევს. ამის მიზნობრიობა გასაგებია, რომ მაუწყებელს მეტი გაძლიერება და რესურსი სჭირდება“, – აღნიშნა ბესელიამ.

ბესელია სოციალური რეკლამის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით დროის შემცირებასთან დაკავშირებით არანაირი მითითება არ არის და მაუწყებელს ვალდებულება რჩება, რომ სოციალური რეკლამა განათავსოს.

„ამ თვალსაზრისით რა წუხილებიც იყო, საფუძველს მოკლებულია“, – დასძინა ბესელიამ.

კანონმდებელმა აქცენტი იმაზეც გააკეთა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯები კონტროლდება.

„როგორ იხარჯება თანხები და მისი განკარგვა რამდენად სწორად ხდება, ეს კონტროლს ექვემდებარება, რადგან სამეურვეო საბჭო არსებობს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, მაუწყებლის ხარჯვის ნაწილი აკონტროლოს და მისი მიზნობრიობა და ეფექტურობა შეისწავლოს.

კონტროლის ბევრი ფორმა არსებობს. ერთ-ერთი მაკონტროლებელია სამეურვეო საბჭო, რომელიც დაფინანსების ნაწილში ყოველი კვარტლის ჭრილში ანგარიშებს ისმენს. ბორდი უფლებამოსილია, გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოიწვიოს. იმის თაობაზე კითხვა დამწყები საწარმოების დაფინანსება რა საჭიროა და თანხები როგორ იხარჯება, ამ თვალსაზრისით ანგარიშვალდებულების მექანიზმი არსებობს.

მთავარია, კონტროლის ის მექანიზმები გამოვიყენოთ, რომელსაც ეს ევალება. დამწყები საწარმოების დაფინანსებისთვის განკუთვნილი თანხა მაუწყებლის ბიუჯეტში აისახება, რომელსაც საბჭო ამტკიცებს და შესრულების ანგარიშს საბჭო ისმენს. საბჭო უფლებამოსილია, თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ბესელია შესყიდვების ნაწილსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ გამონაკლისები მხოლოდ მომსახურების შესყიდვაზე გავრცელდება, ხოლო სხვა ყველა სახის შესყიდვა, მათ შორის საქონლის, სამშენებლო სახის შესყიდვაზე შესყიდვების კანონი გავრცელდება.

წუხილები რაც იყო, დაიხვეწა და დაზუსტდა“, – აღნიშნა ბესელიამ.