ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა [ვიდეო]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა. სხდომაზე სალომე სამადაშვილმა და ირაკლი აბესაძემ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან რეაგირება და საკითხზე მსჯელობა მოითხოვეს.

ამის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატებსა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართეს.

„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიაშვილმა მიმართა: „მაგარი უზრდელი ხარ“, ეკა ბესელიამ კი – „მიშას თოჯინა“ უწოდა. თავის მხრივ, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტიდან კინწისკვრით გაყრის. აღიშნულის შემდეგ, ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და მანდატურის სამსახურს მისი საკომიტეტო დარბაზიდან გაყვანა დაავალა.