ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა - მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება
დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. „მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება“, – განაცხადა ბრიფინგზე ეკა ბესელიამ.
„რთული და ძალიან ემოციურია ჩემთვის, ამავდროულად, საპასუხისმგებლო, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია, რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა, ამ პოლიტიკური გუნდიდან მივდივარ იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება.
კოაბიტაციას არ გადაყვება თითოეული ოჯახისთვის ყველაზე ღირებული რამ – სამართალი, სამართლიანი სასამართლო. ჩვენ ყველას, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი ბოლომდე გვაქვს მისაყვანი. ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა.
რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შემქნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა. იმ ძალადობრივი მმრთველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე, ამაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს.
„ქართული ოცნება“ პირველი ოქტომბრის იდეალებს ასცდა. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა. ჩემმა ყველა მცდელობამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მქონდა პარტიის შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც „ქართულ ოცნებაში“ შემოაღწია, ვერ გამოიღო შედეგი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, რაც შეეხება კიდევ ორ დეპუტატს – გედევან ფოფხაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს, ეკა ბესელიას არ დაუკონკრეტებია, დატოვებენ თუ არა ისინიც „ქართულ ოცნებას“.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დალოდება მისი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომლებსაც აქვთ პროტესტი საკანონდებლო ორგანოში მიმდინარე მოვლენებზე.
„დაველოდები იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩემი კოლეგები უახლოეს დღეებში მიიღებენ. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა შევქნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს იქნება უახლოეს მომავალში, ამის შემდეგ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად დღეს არ ვისაუბრებ. გავაკეთებ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნების მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც კონსტიტუციურია, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ერთიანი, ერთობის მატარებელი, სამართლიანობის მიზნისკენ მიმავალი ფორმები. ჩვენ ვართ პარლამენტში, გვაქვს დეპუტატის მანდატები, რაც გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ ხალხის სახელით, შეხვედრები გვექნება ხალხთან. დაველოდოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.