ეკა ბესელია - საკანონმდებლო ორგანოს თავისი ჩემპიონები ჰყავს, 50 წელია, ეთერ სვიანაიძე პარლამენტს ემსახურება
ეკა ბესელია - საკანონმდებლო ორგანოს თავისი ჩემპიონები ჰყავს, 50 წელია, ეთერ სვიანაიძე პარლამენტს ემსახურება

საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეთერ სვიანაიძეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის 50 წელი შეუსრულდა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა ეთერ სვიანაიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ შორის იყვნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

ბესელიას თქმით, საქართველოს პარლამენტს თავისი ჩემპიონები ჰყავს, მათ შორის –  აპარატში.

„გუშინ 50 წელი გავიდა, რაც ეთერ სვიანაიძე საქართველოს პარლამენტს ემსახურება. მას ყველა ტიპის ორდენი და ჯილდო აქვს, ღირსებით სავსე ქალბატონია. არ შემიძლია, მის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატო. 50 წელი მარტივი არ არის, როდესაც ინსტიტუტს, სახელმწიფოსა და საჯარო ინტერესს ემსახურები“, – აღნიშნა ბესელიამ.

თავის მხრივ, თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, “რომლებზეც წლების განმავლობაში პარლამენტი დგას”.

„ეთერ სვიანაიძეს იმ შრომისა და თავდადებისთვის მადლობას ვუხდი, რაც  ათწლეულების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ჩადო.

ქალბატონი ეთერის სახით, ყველა თანამშრომელს მადლობას ვუხდი, რომელზეც წლების მანძილზე ეს ინსტიტუტი იდგა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.