ეკა ბესელია - საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა, მირზა სუბელიანის მიმართ წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია გადაიხედოს
ეკა ბესელია - საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა, მირზა სუბელიანის მიმართ წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია გადაიხედოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, მირზა სუბელიანის მიმართ წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია გადაიხედოს. ბესელიას თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მტკიცებულებები შეიკრიბება.

„გამოძიების მიერ მოპოვებული გარემოებების მიხედვით არის ამ მუხლით კვალიფიცირებული – დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მხრივ გაგრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მომავალში არ გამოირიცხება, თუკი ამის მტკიცებულებები შეიქმნება, სხვა პირები გამოიკვეთოს, ან შესაძლებელია კვალიფიკაციის გადახედვაც“, – აცხადებს ეკა ბესელია.

ბესელიას განცხადებით, დანაშაულის შეუტყობინებლობაზე მირზა სუბელიანის დაკავება აჩვენებს, რომ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები და გამოძიება, ინტენსიურ რეჟიმში და კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

„ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს სწორედ კანონის თანახმად და ამ სივრციდან გასვლა არ შეიძლება არანაირი პოლიტიკური კონიუნქტურით თუ მოცემულობით. მე ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ისმევა კითხვები, რატომ მოხდა ეს ახლა. როგორც კი შეიქმნა საფუძველი დანაშაულებრივი შეუტყობინებლობის მუხლით მისი დაკავების შესახებ, მყისიერად იყო გადაწყვეტილება მიღებული.

შესაბამისად, სუბელიანის დაკავების წინაპირობა გახლდათ კონკრეტული ახალი გარემოებები, რომელიც გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა დაარღვია დუმილი და მისცა სასამართლოს ჩვენება. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არ არსებობს არავინ, ვინც კანონზე მაღლა დადგება და ვის მიმართაც იქნება რაიმე ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა, თუკი კანონით ამის წინაპირობა არსებობს“, – აცხადებს ეკა ბესელია.

მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.