ეკა ბესელია - მგონია, რომ ჩვენ გამოვედით იმ წარსულიდან, რომელში დაბრუნებაც აღარავის უნდა
ეკა ბესელია - მგონია, რომ ჩვენ გამოვედით იმ წარსულიდან, რომელში დაბრუნებაც აღარავის უნდა

ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას, ყველა მექანიზმს, ყველა ფორმატს სთავაზობს დაზარალებულებს, რათა ერთად მივიდეთ სიმართლის გარკვევის გზაზე, სადაც არის ჭეშმარიტება და სადაც არის რეალობა. ეს არის ყველაზე ღია და ყველაზე გულწრფელო შეთავაზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვილის მამის გამოსვლა იყო ზუსტი პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ახლა ხდება.

„ის, რომ მართლაც გვინდა ამ ტრაგედიის შემდეგ ვიპოვოთ სწორი გზა, ეს არის პირველ რიგში ის მოწოდება, რაც გააკეთა ახლა დადუნაშვილის მამამ, რომ ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ მკვლელობის, ამ ტრაგედიის თაობაზე, უნდა მისცენ ჩვენება. ამაში უნდა დაეხმარონ მშობლები თავიანთ შვილებსაც, ამ საქმესაც და დაზარალებულებსაც. ეს იქნება ყველასთვის მართებული გზა. მივესალმები, რომ ეს გზავნილი, ეს სათქმელი, ეს ხმა სწორედ ამ ტრაგედიის ერთ-ერთი გარდაცვლილის, დადუნაშვილის მამამ განაცხადა. აქვე მინდა ვთქვა, რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს, გულწრფელად გითხრათ ჩვენ ახლა უნდა ვსაუბრობდეთ ყველანი, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მონაწილეები არიან საქმის, რომ ვიპოვოთ სიმართლე სად არის და ამ სიმართლის პოვნა ნიშნავს სახელის დარქმევას ყველაფრისთვის. ეს პოლიტიკური მოთხოვნები, მე მგონი ცოტა სხვა რამე ჰგავს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში საჭიროა სიმშვიდე, საჭიროა ფიქრი იმ ბავშვებზე, რომლებიც ამ ყველაფრის ირგვლივ ტრიალებენ და იმაზე, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სვლა უკეთესი ხვალინდელი დღისკენ.

“მე მგონია, რომ ჩვენ გამოვედით იმ წარსულიდან, რომელში დაბრუნებაც აღარავის უნდა. ახლა არის სწორედ ის ეტაპი, როდესაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვიაროთ ამ სიმართლის პოვნისკენ და ვიპოვნით სიმართლეს, არაფერი არ დარჩენა პასუხგაუცემელი. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.