ეკა ბესელია - მე და ალექსანდრე ერქვანია ერთი მრევლი ვართ, მეტი სიახლოვე გვაქვს, მაგრამ არ მგონია, უმრავლესობის დატოვებას აპირებდეს
ეკა ბესელია - მე და ალექსანდრე ერქვანია ერთი მრევლი ვართ, მეტი სიახლოვე გვაქვს, მაგრამ არ მგონია, უმრავლესობის დატოვებას აპირებდეს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ფრაქციის შესაქმნელად უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წამოსვლას ელოდება.

„ვიცი, უმრავლესობის დატოვებას აპირებენ. ეს პროცესი კიდევ გრძელდება, რაც ბუნებრივი პროცესია და ყველას თავისი კალენდარი აქვს. რამდენიმე ადამიანთან კონსულტაცია მაქვს, ვინც წამოსვლას ფიქრობს“, – აცხადებს ბესელია.

კითხვაზე – უმრავლესობის დატოვებას აპირებს თუ არა დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია, ეკა ბესელია პასუხობს, რომ ის ამ ეტაპზე მმართველ გუნდში რჩება.

„საშა ჩემი ახლობელია, ჩვენ ერთი მრევლი ვართ და აქედან მეტი სიახლოვე გვაქვს, მაგრამ მასთან საუბარი მქონდა და არ მგონია, უმრავლესობის დატოვებას აპირებდეს. იდეურად ჩვენი თანამოაზრეა და ინიციატივებში თემატურად მხარს გვიჭერს, მაგრამ უმრავლესობის დატოვებას ჯერ არ აპირებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.