ეკა ბესელია - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტმა პრინციპების დონეზე ისეთი სახე მიიღო, რომელიც მხარდაჭერას უთუოდ იმსახურებს
ეკა ბესელია - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტმა პრინციპების დონეზე ისეთი სახე მიიღო, რომელიც მხარდაჭერას უთუოდ იმსახურებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის კორექტირება მოხდა, მასში რამდენიმე საკითხი ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შეიცვალა და კანონპროექტმა პრინციპების დონეზე ისეთი სახე მიიღო, რომელიც მხარდაჭერას უთუოდ იმსახურებს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბესელიამ განაცხადა, რამდენიმე საკითხის თაობაზე მსჯელობა მეორე მოსმენის რეჟიმში გაიმართება, რომელზეც კოლეგების მხრიდან დამატებითი მსჯელობისთვის მოსაზრებები გამოითქვა.

„მეორე მოსმენის რეჟიმში შესაძლებლობა იქნება, საკითხებზე ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთ. პრინციპების დონეზე საბოლოო ვერსიის მხარდაჭერა კონსულტაციებით შესაძლებელი გახდა. ამოცანა ისაა, რომ მაუწყებელს, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსება აქვს, ერთის მხრივ, კარგი კონტროლი და მონიტორინგი სჭირდება, მეორეს მხრივ კი, მოქნილი და გამართული კანონმდებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მუხლები არათუ არ იყოს კოლიზიური და ორგანოებს პრობლემებს არ უქმნიდნენ, არამედ ერთმანეთს აწონასწორებდნენ და აბალანსებდნენ, ასევე თავიანთ ფუნქციებს ასრულებენდნენ. ამავე დროს, ეს ნორმები მუშა და ეფექტური უნდა იყოს. ამასთანავე, რეგულაციები ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს და საერთაშორისო, კარგი სტანდარტების სივრციდან არ უნდა ამოვვარდეთ“, – დასძინა ბესელიამ.