ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილს კითხვას უსვამს - უხერხულობას არ გიქმნით, რომ ერთ გუნდს უწოდებთ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა
ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილს კითხვას უსვამს - უხერხულობას არ გიქმნით, რომ ერთ გუნდს უწოდებთ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა

დისკომფორტსა და უხერხულობას არ გიქმნით, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, – ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც ღარიბაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ბესელიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ძალიან მკაფიო პოზიციით გამოირჩეოდა წინა ხელისუფლების მიმართ.

„გამოირჩევით და გამოირჩეოდით ყოველთვის ძალიან მკვეთრი, ძალიან მკაფიო პოზიციით, შეულამაზებელი პოზიციით წინა ხელისუფლების მიმართ. მე საჯაროდ არასოდეს არ გამიკრიტიკებიხართ, იცით თქვენ ჩემი დამოკიდებულება, მე ამას არ ვმალავ. ნამდვილად ვერ ვიმეტებ იმ დროს, როდესაც პირადად თქვენ ჩაერთეთ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, როდესაც წინა ხელისუფლების შეცვლას ვცდილობდი და შემდეგ ერთად დავაფუძნეთ ჩვენ ეს „ქართული ოცნება“. მართლა გულწრფელად მინდა, ვკითხო ადამიანს, რომელსაც მე პირადად პატივს ვცემ სწორედ იმ წარსულის გამო – არ გიქმნით დისკომფორტს და უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც თავად, პირადად ან მისი ოჯახის წევრებიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, მის საარჩევნო შტაბს აძლიერებდა, აფინანსებდა და განსაკუთრებით იმ ადამიანების არჩევა „ქართული ოცნების“ ხელით უვადოდ, ვინც იმ უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა ამ ქვეყანაში და ვისი ხელითაც ხდებოდა ყველაზე დიდი უბედურება იმ წლებში, ის, რომ სწორედ ამ გუნდის ხელით მოხდა იმ ადამიანების დაწინაურება, ეს პირადად თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილს დისკომფორტს და უხერხულობას მართლა არ გიქმნით“? – კითხვა დაუსვა ბესელიამ ირაკლი ღარიბაშვილს.