ეკა ბესელია - დაკითხვა არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება და გადამოწმებას ემსახურება
ეკა ბესელია - დაკითხვა არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება და გადამოწმებას ემსახურება

დაკითხვა არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ინფორმაციის მიღებას, გადამოწმებასა და დასმული კითხვების ირგვლივ პასუხების მიღებას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში დაკითხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მთავრობის დამტკიცების დროს ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს.

„ეს არის მხოლოდ რაც ვიცი და საჯაროდაც არის უკვე ინფორმაცია გაცხადებული, რომ გამოძიება მიმდინარეობს ზოგადად, თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. დაკითხვა არის ზოგადად ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ინფორმაციის მიღებას, გადამოწმებასა და დასმული კითხვების ირგვლივ პასუხების მიღების მიზანს ემსახურება. საქმის გარემოებებზე ბუნებრივია, პარლამენტის წევრებმა არ შეიძლება ვიცოდეთ, რადგან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დეტალებს, შინაარსს და გარემოებებს მხოლოდ მხარეები ეცნობიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.