ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას სიმართლე და სიცრუე ნათლად დაანახა
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას სიმართლე და სიცრუე ნათლად დაანახა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუში მისთვის მთავარი იყო აქცენტები, რომელიც სამომავლო სამოქმედო გეგმასა და გუნდში გარკვეული პირების წამოწევასა და თვითრეალიზებას გულისხმობდა.

ბესელიას შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ იყო ლიდერის ძალიან გაბედული, მნიშვნელოვანი და საჭირო გამოსვლა.

„ვფიქრობ, ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას დაანახა სიმართლე და სიცრუე, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის შეფასებით, ამ რეალობაში საჭიროა ძალიან კრიტიკული და სწორი ანალიზი.

„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია.  საზოგადოებას სჭირდება  ძლიერი მაკონტროლებელი. ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც დავასრულეთ 2012 წელს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ინტერვიუში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამომავლო გზავნილი.

„ძალიან  მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალსა და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც მოიტანა 2012 წლის გამარჯვება. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ეწირებოდა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის შეფასებით, ბევრი ადამიანი დარჩა გულნატკენი და სწორედ მათ სჭირდებათ მაქსიმალური რეალიზება და არეალი თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად.

„ამიტომ, განსაკუთრებით მივესალმები ამ გზავნილს, რაც გააკეთა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ ამას ელოდება ბევრი ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან გუშინ შედგა.