ეკა ბესელია - არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენი ხელისუფლება უძლებს ცდუნებას, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა
არჩევნებმა გვაჩვენა, რომ შესაძლებელია, დაიცვა შენი ხმა და შეინარჩუნო შენი არჩევანი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ 2012 წლის შემდეგ გაუყალბებელ არჩევნებს ვატარებთ და ეს ყველაზე მთავარი მონაპოვარია, რადგან თუ არჩევნების შედეგები წაგართვეს, ყველაფერი აზრს კარგავს. არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენი ხელისუფლება უძლებს ცდუნებას, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მანიპულაციებით მოეხდინათ. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ და არის ის შედეგი, რაც არის. ეს არის მთავარი, ღირებული, მნიშვნელოვანი, დასაცავი და ძალიან დიდი მონაპოვარი“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, მეორე ტური არაერთ არჩევნებზე ჩატარდა, სადაც კანდიდატებს შორის სხვაობა 0,5, ან ერთი პროცენტი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გაიზარდა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი.
„ამ ადამიანებს რა ახარებთ და აბედნიერებთ, არ ვიცი. ალბათ ის, რომ ამ შედეგს არ ელოდნენ და გასაგებია, რატომაც, მაგრამ ჩვენთვის ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ქვეყნის დემოკრატიისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურში ისევ ძალიან დიდი ძალების მობილიზება და სრული შესაძლებლობების გამოყენება, გაცილებით უფრო ეფექტიანი კომუნიკაცია და გაცილებით მეტი ადამიანის ჩართვა დასჭირდება, რთულია, მაგრამ ეს ისევ და ისევ დემოკრატიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.