ეკა ადამია - C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევა 1 700 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა
ეკა ადამია - C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევა 1 700 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევის ხელმისაწვდომობამ საშუალება მოგვცა, რომ დღეის მდგომარეობით, 1 700 000 ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განაცხადა.

როგორც ეკა ადამიამ აღნიშნა, უფასო სკრინინგული კვლევების ჩატარება შესაძლებელია როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში.

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ანუ 2019 წლის ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში სწრაფი, მარტივი კვლევა ანუ სკრინინგული კვლევა ჩატარებული აქვს მილიონ 700 ათასზე მეტ პირს, მათგან დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარებული აქვს 60 ათასამდე პირს და მკურნალობის პროცესი დამთავრებული აქვს 55 ათასამდე პირს – ეს არის ძალიან სერიოზული მაჩვენებელი, რასაც მიაღწია ელიმინაციის პროგრამამ. გარკვეული ბარიერები, რაც მას შეექმნა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, როგორიც იყო გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ფინანსური ბარიერი თუ სხვა, პროგრამის ფარგლებში გადაჭრილია სხვადასხვა მექანიზმით. ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია პროექტის დეცენტრალიზაცია, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სკრინინგული ტესტის გავრცელებას, არამედ მთლიანი პროგრამის სერვისების გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ზიანის შემცირების ცენტრებში ქვეყნის მასშტაბით. პროექტი გულისხმობს, რომ მინიმუმ ერთი დაწესებულება უნდა იყოს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის ფარგლებში და ამ პროექტის ფარგლებში უკვე ჩართულია 14 ახალი დაწესებულება და მათ უკვე სერიოზული მიღწევები აქვთ“,- განაცხადა ეკა ადამიამ.

მისივე თქმით, დაგეგმილია 21 დაწესებულების ჩართვა და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებლობა, რომ პაციენტებმა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისები ჩაიტარონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.